არაეკონომიკური ენით რომ ვთქვათ, გაუფასურებულ მთავრობას არ შეიძლება ჰქონდეს ძლიერი ვალუტა, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
„ჩვენი მთავრობა თვითონ ისე არის გაუფასურებული, რომ ქვეყნის ვალუტაც, რომელიც მის პოლიტიკას განაგებს ამ ქვეყანაში, გაუფასურებულია. სინამდვილეში კი მთავარი გაუფასურების მიზეზი არის ის პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა ატარებს, ფულის დარიგების და სუბსიდირების პოლიტიკა და არა სამუშაო ადგილების შექმნის და შენარჩუნების პოლიტიკა. მთავრობამ პრაქტიკულად ხელი ჩაიქნია ეკონომიკის შენარჩუნებაზე და გადავიდა უბრალოდ ფულის დარიგების მექანიზმზე, ფიქრობენ ახლა რომელ ფენებს დაურიგონ ფული, რომ საარჩევნოდ მათი ხმები მოიპოვონ.
ის, რომ ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილები ყოველდღე მცირდება, გამოდის, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ვერ ართმევს დაკისრებულ ვალდებულებებს თავს და ზოგადად მთელი მათი ქმედება მიმართულია შემოსული დახმარებების მოპარვაზე, როგორ მოიპარონ, როგორ მოიფიქრონ ისეთი სქემა, რომ ეს ფული მოხვდეს მათ ჯიბეებში.
თუნდაც ყურძნის თემა. რთველი მიმდინარეობს და იქაც ეს სუბსიდირებები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ დიდ კომპანიებზე, იმის მაგივრად, რომ პატარა კომპანიები წაეხალისებინათ და სამუშაო ადგილების შექმნისთვის შეეწყოთ ხელი. მაგრამ, ბიძინა ივანიშვილის ძმის ინტერესია სპირტის ბიზნესი, ამიტომ, ვინც სპირტს აწარმოებს დიდი მოცულობით, იმ ქარხნებს უსუბსიდირებენ. ანუ, ეს არის ის, რაც მუდმივად ხდება ამ ქვეყანაში - შემოსული ფული ისევ მათ ჯიბეში მიდის“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
დავით ჭიჭინაძის კომენტარს პარტია „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.