ამ ძალიან პროდუქტიულ შეხვედრაზე ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ნატო-საქართველოს დინამიური თანამშრომლობა, მაღალი დონის შეხვედრა და 2019 წლის ნატო-საქართველოს წვრთვნების წარმატებული ჩატარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტონტელბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტზე და იმაზე, რომ ეს პაკეტი თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პროცესის გაღრმავების მნიშვნელოვან ინსტრუმენტებად არის მიჩნეული.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პოლიტიკური განზომილება შევინარჩუნოთ, რათა ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისთვის მოვემზადოთ. შეხვედრაზე ხაზი გავუსვით საქართველოს მზადყოფნას ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, პრაქტიკული მექანიზმების შემუშავების მნიშვნელობას გავუსვით ხაზი შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგის გასაძლიერებლად, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს თანამშრომლობაში. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიის ვიწრო პარადიგმაში და ხაზი გავუსვით შავი ზღვის რეგიონის უფრო ფართო განზომილებაში ჩვენს აქტუალურ როლს. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობას. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობა განვიხილეთ და მინდა დიდი მადლობა გამოვხატო ნატო-ს გენერალური მდივნის მიმართ იმ უწყვეტი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი არის გამოხატული. ასევე განვიხილეთ საქართველოს წინსვლა ევროატლანტიკური ინერტრაციის გზაზე და დემოკრატიული რეფორმების პროცესში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.