თუ დაპირისპირება მალე დასრულდა, საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა არ ექნება - გია ხუხაშვილი ყარაბაღის კონფლიქტზე

მიუხედავად იმისა, რომ ორი სახმელეთო მეზობელი ღია ომშია, საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის საფრთხე ფაქტობრივად, არ არსებობს, თუ კონფლიქტი დროში არ გაიწელება. ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო “პალიტრას“ გადაცემაში ,,საქმე“ ისაუბრა.

ხუხაშვილი სხვადასხვა სცენარების შემთხვევაში, საქართველოზე შესაძლო გავლენებს მიმოიხილავს და ამბობს, რომ ჩვენს ეკონომიკას აღარ აქვს კლების პოტენციალი, რადგან ისედაც საბაზისო დონეზეა დასული.

,,თუ ეს კონფლიქტი სწრაფად ამოიწურება, რაც გარე მოთამაშეების დახმარებითაც მოხდება, მაშინ მე, ეკონომიკურად დიდი რისკების საფრთხეს ვერ ვხედავ. იმ შემთხვევაში კი, თუ გაგრძელდება დროში, რაც იმედი მაქვს, რომ არ მოხდება, რა თქმა უნდა, იქნება პრობლემები.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ამ კუთხით ენერგეტიკული უსაფრთხოებაა, რაც ძალიან კარგია, რომ ესკალაციის ზონიდან შორს არის. რაც შეეხება, ლოგისტიკას, თუ მოკლე ვადაში დასრულდა ყველაფერი, აქაც დიდ პრობლემებს არ უნდა ველოდოთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად კონფლიქტის მიმართ ჩვენი დამოკიდებულებისა, სომხეთისათვის საქართველო არის სასიცოცხლო გზა. საქართველოს გავლით ხდება სომხეთის მომარაგება და ეს უნდა გაგრძელდეს.

რაც შეეხება ტურიზმს, პანდემიის გამო ის ისედაც შეჩერებული იყო, სამივე ქვეყნა დახურული და ამიტომ, რეგიონის შიდა მიგრაციული კუთხით ეს ომი არაფერს ცვლის. მოკლე ვადაში მე განსაკუთრებულ სირთულეებს არ ველი, რასაც ვერ ვიტყვი იმ შემთხვევაზე თუ ეს ომი ძალიან გაიწელა, მაშინ ბუნებრივია, მოსალოდნელია ეკონომიკური რყევები“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ანალიტიკოსი საქართველოსათვის ყველაზე მძიმე სცენარად, ომში თურქეთის პირდაპირ ჩართვას მოიაზრებს, რა შემთხვევაშიც ლოგისტიკური გზაც სამხრეთ საქართველო უნდა იყოს, ამიტომ ამ სცენარზე უფრო დეტალური საუბარი არ სურს და ამბობს, რომ ასეთ განვითარებაზე დღეს საუბარი არ უნდა იყოს.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დე ფაქტო მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ჩართულია არტილერია, მძიმე ტექნიკა, სახმელეთო ჯარი და სამხედრო ავიაცია. აქამდე უკანასკნელი დაპირისპირება მხარეებს შორის 12 ივლისს დაფიქსირდა. მაშინ ორივე ქვეყნის ცოცხალი ძალის დანაკარგმა 40-ს გადააჭარბა. ესკალაციის პრევენცია მხოლოდ ორ კვირაში გახდა შესაძლებელი სხვადასხვა წყაროების, მათ შორის საერთაშორისო მედიის ინფორმაციით მიმდინარე კონფლიქტს ასობით ადამიანი ემსხვერპლა.

თამარ მუკბანიანი