შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 740 კოლოფი (14,800 ღერი) უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.