„ჩაასხეს ფული... ლარის კურსის სტაბილიზაციის ობიექტური მიზეზი უბრალოდ, არ არსებობს“

„ჩაასხეს ფული... ლარის კურსის სტაბილიზაციის ობიექტური მიზეზი უბრალოდ, არ არსებობს,“- ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ამოცანა დღეს არა ლარის სტაბილიზაცია ან ეკონომიკის გაჯანსაღება, არამედ არჩევნების წინა პერიოდის გადაგორებაა.

„ჩაასხეს ფული. ობიექტური მიზეზი ლარის კურსის სტაბილიზაციის უბრალოდ არ არსებობს. ერთადერთი ობიექტური ფაქტორი არის, იმპორტ-ექსპორტის ნულოვანი სალდო, სხვა ყველაფერი კი - ტურიზმი, პირდაპირი ინვესტიციები, ქეშის შემოდინება ემიგრანტებისგან, არის სუბიექტური მიზეზები, რომელიც შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს. მათ შორის იმან რომ ტურიზმიდან სავალუტო შემოსავალი არ გვქონდა, გამოიწვია დეფიციტი სავალუტო ბაზარზე. გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებელი ქვეყანა ვართ, სუბიექტურ ფაქტორებს - ტურიზმს და ა.შ. როგორც კი ექმნება პრობლემა, მაშინვე იწყება დეფიციტი, მოთხოვნა ბევრად აჭარბებს მიწოდებას და შესაბამისი პროცესი მიდის. ხელისუფლების ამოცანა დღეს არ არის არც ლარის სტაბილიზაცია და არც ეკონომიკის გაჯანსაღება. მათი ერთადერთი ამოცანაა - როგორმე არჩევნებამდე მიაგორონ და მერე ან ვირი მოკვდება ან ვირის პატრონი,“-განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისიდან ლარი თითქმის ყოველდღიურად უფასურდებოდა. ჯამში, ამ პერიოდში ლარი დაახლოებით 24 თეთრით არის გაუფასურებული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი დღეა ლარი შედარებით მყარდება. მხოლოდ გუშინ ოფიციალური კურსით 1 თეთრით გამყარდა, ასევე გამყარების ტენდენცია ფიქსირდება დღესაც „ბლუმბერგის“ სავაჭრო პლატფორმაზე.

ცნობისთვის, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს ეროვნული ბანკი 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

თაია არდოტელი