ეტიკეტირების წესების დარღვევა და კოსმეტიკური პროდუქცია, სადაც ტყვია და დარიშხანი აღმოჩნდა - „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
„მიმდინარე წლის 11 აგვისტოს გამოვაქვეყნეთ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის ლაბორატორიული კვლევის შედეგები. როგორც ვიუწყებოდით, 6 ნიმუშში შესამოწმებელი პარამეტრების ზუსტი ოდენობების განსასაზღვრად დამატებითი კვლევა გახდა საჭირო. აღნიშნული კვლევების ჩატარების შემდეგ, დარჩენილი ნიმუშების შედეგებსაც ვაქვეყნებთ.
პროდუქცია შემოწმდა ევროკავშირში არსებული მოთხოვნების მიხედვით, გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ ზოგიერთი კონსერვანტის, ტყვიისა და დარიშხნის შემცველობაზე.
ყველა ნიმუშზე დარღვეული იყო ეტიკეტირების წესები. ეს პროდუქტები დაშვებულ პარაბენებს ან კონსერვანტ ფენოქსიეთანოლს შეიცავდა, მაგრამ ეს ეტიკეტზე არ იყო აღნიშნული, როგორც ამას ევროკავშირის კანონმდებლობა მოითხოვს. გარდა ამისა, ერთ ნიმუშში, კერძოდ, ტონალურ საცხში "ბალეტი" მცირე ოდენობით ტყვია და დარიშხანიც აღმოჩნდა.
ამ ტიპის პროდუქციაში ტყვიისა და დარიშხნის არსებობა აკრძალულია როგორც ევროკავშირში, ისე საქართველოში მოქმედი ნორმების მიხედვით. თუმცა, ვინაიდან ეს ნივთიერებები ბუნებრივ გარემოში გვხდება, მათ შეიძლება შეიცავდეს პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის ნედლეული, ჭურჭელი, რომელშიც ეს პროდუქციაა განთავსებული, ან ისინი პროდუქციაში საწარმოო პროცესის დროს მოხვდეს. ამიტომ ევროკავშირში დაშვებულია ტყვიისა და დარიშხნის ნარჩენების არსებობა პარფუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში, იმ შემთხვევებში, როცა ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია. ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს.
ვინაიდან საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად გარდაუვალი იყო მცირე ოდენობით ტყვიისა და დარიშხნის შემცველობა ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშში“, - აღნშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ შემოწმებული კოსმეტიკური პროდუქციის ჩამონათვალი ასე გამოყურება:
აქედან, როგორ უკვე აღვნიშნეთ, ტყვია და დარიშხანი აღმოჩნდა „ბალეტში“, დანარჩენების შემთხვევაში კი დარღვეული იყო ეტიკეტირების წესები.