საქართველოში, კორუფციის კონტროლის ხარისხის მიხედვით, საქართველო უკვე მესამედ მოხვდა ევროპის საუკეთესო ოცეულში და ის არის რეგიონის ლიდერი ქვეყანა და უსწრებს ევროკავშირის ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის: ესპანეთი, იტალია, ლატვია, ჩეხეთი და სხვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა, მსოფლიო ბანკის კვლევაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მმართველობის ინდიკატორებს ეხება.
ბექა ლილუაშვილის თქმით, 2012 წლის იგივე მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში 62-ე ადგილზე იმყოფებოდა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა და შედეგი, ამ ქვეყანაში, დემოკრატიული და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების შეუქცევადი პროცესის დანერგვაა. ეს არაერთხელ დადასტურდა და შეფასდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. სწორედ, ერთ-ერთი ასეთი, ყველაზე მაღალრეპუტაციული საერთაშორისო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის კვლევა გამოქვეყნდა. ეს კვლევა არის მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები კვლევა, რომელიც ქვეყანაში სხვადასხვა ინსტიტუტების განვითარების ხარისხს აფასებს. ამ კვლევის მიხედვით, საქართველოში, კორუფციის კონტროლის ხარისხის მიხედვით, საქართველო უკვე მესამედ მოხვდა ევროპის საუკეთესო ოცეულში, რეგიონის ლიდერი ქვეყანაა და უსწრებს ევროკავშირის ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის : ესპანეთი, იტალია, ლატვია, ჩეხეთი და სხვა. უნდა აღვნიშნოთ, რომ 2012 წლის იგივე მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში 62-ე ადგილზე იმყოფებოდა“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
კვლევაზე საუბრისას, პრემიერის მრჩეველმა ყურადღება გაამახვილა შეფასებებზე, რომელიც მთავრობის ეფექტურობასა და კანონის უზენაესობას ეხება.
„გარდა ამისა, საქართველომ, ამ შეფასებების მიხედვით, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია მთავრობის ეფექტურობის თვალსაზრისით. ამ კატეგორიაში, ის არის მსოფლიოში 37-ე ადგილზე, ხოლო ევროპაში 24-ე ადგილზე და უსწრებს ისეთ სახელმწიფოებს, როგორიც არის საბერძნეთი, იტალია, ხორვატია, ბულგარეთი და სხვა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი, ეს არის კანონის უზენაესობა, რომლის მაჩვენებლით, საქართველო უსწრებს ნატო-ს წევრ 7 სახელმწიფოს, ევროკავშირის წევრ 3 სახელმწიფოს და ეს მონაცემი შეფასდა მსოფლიოს 11 წამყვანი ანალიტიკური ორგანიზაციის შეფასებებისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შემაჯამებელი შეფასების საფუძველზე. რომ შევაჯამოთ, ქვეყანაში მიმდინარეობს დემოკრატიული ინსტიტუტების შეუქცევადი განვითარების პროცესი და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.