"ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფულადი გზავნილები და საერთაშორისო დახმარებები ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი წყაროებია"

ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფულადი გზავნილები და საერთაშორისო დახმარებები ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი წყაროებია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს 75-ე სესიის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრა განაცხადა, რომელიც COVID-19-სა და მის შემდგომ პერიოდში ,,2030 მდგრადი განვითარების დღის წესრიგის“ დაფინანსების საკითხს ეხებოდა.

მისივე განცხადებით, არცერთ ქვეყანას არ შესწევს ძალა მარტო გაუმკლავდეს პანდემიას.

„ეჭვი არავის ეპარება, რომ COVID-19-ს პანდემიამ მთელ მსოფლიოში სავალალო სოციალური და ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რაც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ჩვენ კვლავ ვხედავთ კორონავირუსის შედეგებს; მილიონამდე დაკარგული სიცოცხლე, 400 მილიონზე მეტი დაკარგული სამუშაო ადგილი, მოგებისა და შემოსავლის მნიშვნელოვანი ვარდნა, ქვეყნების ეკონომიკების ნეგატიური ზრდა, გლობალური ვალების გასამმაგება.

იმ 75 წლის განმავლობაში, რომელსაც წელს ჩვენ აღვნიშნავთ, გაერო და საერთაშორისო საზოგადოება ასეთი კატასტროფის წინაზე არ აღმოჩენილა. შესაბამისად, თქვენი ინიციატივა არა მხოლოდ დროული, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიცაა. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ არცერთ ქვეყანას არ შესწევს ძალა მარტო გაუმკლავდეს ამ გამოწვევას. აუცილებელია, რომ ერთობლივად ვიპოვოთ არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსის ეფექტიანად გამოყენების გამოსავალი და გზები.

მსურს, მადლობა გადავუხადო ექვსივე სადისკუსიო ჯგუფს გაწეული შრომისა და შემოთავაზებებისათვის.

ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, (ფულადი) გზავნილები და საერთაშორისო დახმარებები ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი წყაროებია. მე პირადად ვარ დაინტერესებული ქვეყანის განვითარების პროცესში დიასპორების აქტიურად ჩართვის საკითხით. დიასპორის ინვესტიციების მობილიზების მიზნით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ახლო მომავალში ფართო ონლაინფორუმს ვატარებთ.

სწორედ ახლა უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი და შევხედოთ არსებულ მდგომარეობას, როგორც შესაძლებლობას. სწორედ ახლაა დრო, რომ ნამდვილად ვისწრაფოდეთ მეტად მდგრადი, ინკლუზიური და მწვანე ეკონომიკისა და საზოგადოებისაკენ. ახლა უნდა გადავდგათ სწორი ნაბიჯები, რადგან იძულებული ვართ შევიცვალოთ.

მდგომარეობიდან გამოსვლა და რეკონსტრუქცია ფინანსური რესურსებს მოითხოვს და მე მჯერა, რომ ფინანსური სისტემები ამ მიზნებს მოერგება. სახელმწიფოები, ცენტრალური ბანკები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უკეთ არიან მომზადებული, რათა თავიანთ პორტფოლიოებში გააერთიანონ მდგრადი განვითარების მიზნები და პარიზის შეთანხმების მოთხოვნები. თუმცა, კერძო და კორპორატიულ სისტემებს ჯერ კიდევ ასაღები აქვთ ეს პასუხისმგებლობა.

ეკონომიკური და სოციალური შედეგების უკეთ აღქმა, სამუშაო ადგილების შესაქმნელად საჭირო მექანიზმების შემუშავება, ფინანსურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ღია წვდომა, განათლებისა და უნარების განვითარების მხარდაჭერა მხოლოდ საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობით მიიღწევა. მდგრადი ინვესტირების შესაძლებლობები უნდა ითვალისწინებდეს გარემოზე მორგებულ პროექტებს, რომლებიც ჩართულობის თანაბარ შესაძლებლობას აძლევს კაცებს და ქალებს და პროექტის სიცოცხლისუნარიანობის გაზრდის მიზნით შესაძლოა, კლასტერებზე გადანაწილდეს.

მხოლოდ ერთობლივი მუშაობითა და ძალისხმევით შევძლებთ აღდგენასა და აღორძინებას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.