გენადი არველაძემ კორეასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარება განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოლიტიკის ბიუროს გენერალურ დირექტორს, კიონკი რონს ონლაინ რეჟიმში შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მთავარ განსახილველ საგანს, კორეასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარება, წარმოადგენდა.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებით მხარეთა მიდგომების შესახებ.

გენადი არველაძემ კორეულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის, არსებული სავაჭრო რეჟიმებისა და შეთანხმებების შესახებ.

“შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ დაიწყონ წინასწარი კონსულტაციები მიზანშეწონილობის კვლევის მომზადებასთან დაკავშირებით და ჩამოაყალიბონ შესაბამისი ორმხრივი სამუშაო ჯგუფი. აღნიშნული წარმოადგენს კორეის მხარის ოფიციალურ პროცედურას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებისათვის”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.