ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 1 თვის განმავლობაში საქართველოში შემოსვლისა და დისტანციურად მუშაობის სურვილი 700-მდე ადამიანმა გამოთქვა.
„ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს პროექტი „იმუშავე საქართველოდან“, რომელიც 27 აგვისტოს დაიწყო და რომლის ფარგლებშიც 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალური კომპანიის თანამშრომლებს, საქართველოს მთავრობა სთავაზობს, მინიმუმ 180 დღის განმავლობაში დისტანციურად იმუშაონ საქართველოდან. როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პროგრამის ფარგლებში საქართველოში უკვე შემოვიდა 31 პირი.
მათივე ინფორმაციით, პროექტით ყველაზე დიდი დაინტერესება რუსეთიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან და უკრაინიდანაა.
„27 აგვისტოდან 28 სექტემბრის 19:00 საათამდე პერიოდში მიღებული აპლიკაციების რაოდენობის მიხედვით, 700-მდე ადამიანი დარეგისტრირდა "იმუშავე საქართველოდან" პროექტის მონაწილედ და გამოხატა ქვეყანაში შემოსვლისა და დისტანციურად მუშაობის სურვილი. მიღებული აპლიკაციების რაოდენობიდან 52% ეკუთვნის - Freelancer-ს, 28% - Full-Time Employee-ს, 21% - Entrepreneur-ს.
პროექტის ფარგლებში რეგისტრირებული აპლიკანტები მოქალაქეობის მიხედვით წარმოადგენენ 60-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანას. ტოპ 5 რაოდენობრივი განაწილება მოქალაქეობის მიხედვით შემდეგია: რუსეთი - 26% , აშშ - 19% , დიდი ბრიტანეთი - 6%, კანადა - 4%, უკრაინა - 4%.
მიღებული აპლიკაციებიდან დადასტურებულია 300-ზე მეტი აპლიკაცია, არ დაკმაყოფილდა 70-მდე აპლიკაცია. პროგრამის ფარგლებში საქართველოში უკვე შემოვიდა 31 პირი, მოქალაქეობის მიხედვით შემოსული პირები განეკუთვნებიან შემდეგ ქვეყნებს: აშშ, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, უკრაინა, ახალი ზელანდია“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
ცნობისთვის, პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოსვლის მსურველები წინასწარ, https://stopcov.ge/-ზე ავსებენ სპეციალურ ფორმებს და დოკუმენტურად ადასტურებენ ქვეყანაში შემოსვლისთვის აუცილებელ პირობებს. გარდა ამისა, მათ საკუთარი სახსრებით სრულად უნდა უზრუნველყონ 2-კვირიანი კარანტინის გავლა და ტესტირება. (შესავსები ფორმის ბმული: https://registration.gov.ge/pub/form/20/ydrv71/ )