თბილისის მერია მთაწმინდის საბაგიროს პროექტის განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როგორც კალაძემ აღნიშნა, საბაგირო დაახლოებით 2 წელიწადში ამოქმედდება და პროექტის ღირებულება 50 მილიონი ლარია.
„გახსოვთ, ალბათ, მთაწმინდის საბაგირო, რომელმაც 1990 წელს შეწყვიტა ფუნქციონირება. ამ საბაგიროს აქვს 1 კმ-ის მარშრუტი მეცნიერებათა აკადემიიდან მთაწმინდის პარკამდე. ამ კონკრეტული საბაგიროს აღდგენაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა შეჩერდა, რადგან არსებობდა გარკვეული პრობლემები. ჩვენი უფლებამოსილების განხორციელების დღიდან დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა. ამ პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც პრობლემას წარმოადგენდა, იყო ადგილობრივი მოსახლეობის განსახლების საკითხი. დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყველა ოჯახთან, ყველა ადამიანთან შეთანხმება მიღწეულია და ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება.
ჩვენ უკვე მზად გვაქვს პროექტი, გამოცხადდება ტენდერი მშენებელი კომპანიის შესარჩევად. დაახლოებით, წელიწადნახევარი, ორი წელი დასჭირდება მთლიანად პროექტის განხორციელებას. რაც შეეხება საბაგიროს, იქნება წრიული ტიპის, 21-გონდოლიანი, მთლიანი მანძილის დაფარვა 4 წუთში იქნება შესაძლებელი. ძალიან მაგარი იქნება ეს პროექტი ჩვენი ქალაქისთვის. დაახლოებით, 50 მილიონი ჯდება პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კალაძემ.