საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, შპს Free spirit tours-ის მიერ შემოტანილი საჩივრის საფუძველზე, რომელიც არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ქმედებების შესაძლო ფაქტს ეხება, მოკვლევა დაიწყო.
როგორც კონკურენციის სააგენტოში აცხადებენ, მომჩივანი სააგენტოში წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ კონკურენტი კომპანიის მხრიდან ადგილი აქვს მისი კუთვნილი კომერციული საიდუმლოების თანხმობის გარეშე მოპოვებისა და გამოყენების ფაქტს.
„საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სააგენტოს კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, საჩივარში დასმული საკითხების დეტალურ შესწავლას განახორციელებს.
კონკურენციის სააგენტომ 2020 წელს დაასრულა - 2 მოკვლევა, სადაც ერთში დაფიქსირდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი, ეკონომიკურ აგენტს დაეკისრა შესაბამისი სანქცია, მეორეში კი დადასტურდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. ამ დროისათვის, მიმდინარეობს 4 მოკვლევის პროცესი. ამავე პერიოდში, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა - 5 ბაზრის მონიტორინგი, მიმდინარეა - 3. ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ გაიცა - 1 თანხმობა",-აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.