COVID-19-ის რეგულაციების დარღვევისთვის საქმიანობა დროებით 5 ობიექტს შეუჩერდა - რამდენი დაჯარიმდა 10 000 ლარით

შრომის ინსპექციამ, Covid 19-ის საპრევენციოდ არსებული პროტოკოლის დარღვევის გამო ჯარიმასთან ერთად საქმიანობა 5 ობიექტს შეუჩერა.

ამასთან, ინსპექციამ 100-მდე ობიექტი 10 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსს“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განუცხადა.

ბექა ფერაძე იმ კრიტიკულ შეუსაბამობებზე საუბრობს, რის გამოც, ინსპექციამ გაზრდილი მანდატის პირობებში, ობიექტის მიმართ ჯარიმის უმაღლესი ფორმა გამოიყენა.

,,შრომის ინსპექციამ, 10 000 ლარით 100-მდე ობიექტი დააჯარიმა, ხოლო დროებით ჯარიმასთან ერთად შეუჩერდა საქმიანობა 5 ობიექტს, კოვიდ-19-ის რეგულაციების დარღვევის გამო.

ძირითადი დარღვევები მათ შემთხვევაში იყო სადეზინფექციო პროტოკოლის დარღვევა. ასევე არ ტარდებოდა თერმო სკრინინგი, ასევე კვების ობიექტებში იყო ადამიანთა განთავსების წესი დარღვეული. სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით იყო სხვადასხვა შეუსაბამობა.

ყველა შემთხვევაში, ჩვენ კრიტიკულ შეუსაბამობად მივიჩნევთ, როცა არ ხდება დისტანციის დაცვა, არ ხდება სადეზინფექციო სამუშაოების პროტოკოლით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა, ნიღბების გამოყენება და თერმო სკრინინგი. ეს არის ძირითადი მიზეზები, რის გამოც ჩვენ ვაჯარიმებდით ობიექტებს“-განაცხადა ფერაძემ.

,,ბიზნესპრესნიუსის“ კითხვაზე, მიეცათ თუ არა ობიექტებს წინასწარი გაფრთხილება დაჯარიმებამდე, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ისინი იყვნენ ინფორმირებული წესების და პროტოკოლის შესახებ.

,, ინდივიდუალური გაფრთხილება და ინფორმირება ჩვენს მიერ განხორციელებულია 103 000 ობიექტის მიმართ. აქ საუბარი არ არის, დაგზავნილ შეტყობინებებზე, ან გამოქვეყნებულ წესებზე. ინდივიდუალურად, ჩვენ ამდენ ობიექტთან მივედით და 103 000 მეწარმე სუბიექტს გავაცანით წესები. სამწუხაროდ, როცა ამის შემდეგაც ვხედავთ, რომ არ არის დაცული წესები, გვიწევს გამოვიყენოთ სანქცირების მექანიზმი. ამის შემდეგ თქმა, რომ კი ვიცოდი, უბრალოდ კიდევ არ გავუფრთხილებივარ, როგორც მინიმუმ არასწორი მიდგომაა. მიუხედავად ამისა, უნდა აღნიშნოს, რომ გვაქვს დადებითი ტენდენცია და უფრო და უფრო მეტი ობიექტი იცავს რეკომენდაციებს ზედმიწევნით“, - განაცხადა საქართველოს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, შრომის ინსპექციას COVID-19-ის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, ობიექტების დახურვის უფლება აგვისტოს ბოლოს მიეცა, ხოლო 10 000 ლარით დაჯარიმების ეკონომიკის ნაწილობრივ გახსნის ფარგლებში, საგანგებო მდგომარეობის დასრულებისას. სწრედ ინსპექცია ადგენს, უსაფრთხოების პროტოკოლსაც.

თამარ მუკბანიანი