საქართველო, წამყვანი სავაჭრო რეფორმატორი რეგიონში, წარმატებით უმკლავდება COVID-19-ის უარყოფით გავლენას გამარტივებული სავაჭრო პროცედურებით,- ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE-ს) მიერ მიმდინარე წლის მაისი-ივლისში ჩატარდებული კვლევის მიხედვით მომზადებულ ანგარიშში „კოვიდ-19-ის გავლენა საქართველოს ვაჭრობასა და სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე“-ა აღნიშნული.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კვლევაში დადებითადაა შეფასებული საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად განხორციელებული ღონისძიებები.
„კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს უჭირავს წამყვანი ადგილი რეგიონში სავაჭრო რეფორმატორთა შორის, ხოლო შეფასებამ აჩვენა, რომ „მთავრობამ გადააჭარბა მოლოდინს მიწოდების ჯაჭვის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მხრივ. მან მინიმუმამდე დაიყვანა სავაჭრო შეზღუდვები; სწრაფად გააფართოვა და ხელმისაწვდომი გახადა საწარმოებისთვის ვაჭრობის გამარტივებისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი და შეიმუშავა დახმარების ზომები მოსახლეობის დაუცველი ფენებისთვის, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებთათვის, და ასევე მძიმედ დაზარალებული სექტორების დასახმარებლად“. ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისათვის. მასში ხაზგასმულია ვაჭრობის წვლილის გაზრდის მნიშვნელობა COVID-19 პანდემიის შემდეგ ძლიერი და მდგრადი ეკონომიკის მშენებლობაში. კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული მთავრობის მიერ გატარებულ შემდეგ ზომებზე: ვაჭრობაში გამჭვირვალობის ეფექტიანი უზრუნველყოფა, განსაკუთრებით სავაჭრო საქმიანობასთან დაკავშირებული ახალი მარეგულირებელი და პროცედურული ზომების გამოქვეყნებით. სავაჭრო დოკუმენტების ონლაინ გაცემა; შესაბამისმა უწყებებმა გაზარდეს ძალისხმევა ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის სხვადასხვა სახის საჭირო დოკუმენტების დაჩქარებულ რეჟიმში გასაცემად; სასაზღვრო კონტროლი ხორციელდებოდა ეფექტიანი რისკზე დაფუძნებული ინტეგრირებული საზღვრის მართვის სისტემით. სასაზღვრო კონტროლის პუნქტების განტვირთვის მიზნით განხორციელდა ტვირთების ფიზიკური ინსპექტირების რეალოკაცია. საბაჟო და გადასახადების გადახდა გაგრძელდა ონლაინ რეჟიმში, რასაც დაემატა გადასახადის დაბრუნების გამარტივებული პროცედურა. ტრანზიტული მოძრაობა კვლავ ეფუძნებოდა რეგიონული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პირობებს და მეზობელ ქვეყნებთან მონაცემთა ელექტრონულ მიმოცვლას. კვლევაში ასევე დადებითად არის შეფასებული მთავრობის მიერ გატარებული ზომები კოვიდ 19-ის მიერ გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად, ამასთან აღნიშნულია, რომ გაცილებით მაღალი შეიძლება ყოფილიყო მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების შემოსავლების შემცირება რომ არა მთავრობის მასშტაბური დახმარების ზომები, რომელთა შორისაა: მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმროს ინდუსტრიის თანადაფინანსების მექანიზმი და გადასახადის გადავადება ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული საწარმოებისათვის; ზრუნვა სოფელზე, სოფლის მეურნეობაზე, რეგიონალურ განვითარებაზე; დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმის ამოქმედება; სახელმწიფო სუბსიდია ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე; დღგ-სგან გათავისუფლებული სამედიცინო საქონლის იმპორტი პანდემიით გამოწვეული უმუშევრების დახმარება (200 ₾ 6 თვის განმავლობაში); სოციალური პროგრამა (ინდივიდუალური მომხმარებლისთვის სესხის მომსახურების გადასახადების გადავადება; კომუნალური გადასახადები და პენსიის წინასწარი გადახდა); ბიზნესის საკრედიტო - საგარანტიო სქემა. კვლევა ეფუძნება 330 მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს გამოკითხვას. მათ შორის გამოკითხულ იქნა 226 გადამამუშავებელი წარმოება, 104 ფერმერი და ასევე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ექსპედიტორები. გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE) გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს რეგიონული ორგანიზაციაა. მასში შედის 56 წევრი - სახელმწიფო. UNECE-ის მრავალმხრივი პლატფორმა ხელს უწყობს მეტ ეკონომიკურ ინტეგრაციას და თანამშრომლობას მის წევრ ქვეყნებს შორის, ასევე მდგრად განვითარებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას დიალოგის, საუკეთესო პრაქტიკის, აგრეთვე ეკონომიკური და ტექნიკური ექსპერტიზის გაცვლით და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ტექნიკური დახმარებით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.