Regeneron-ი მის მიერ წარმოებულ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის წარმატებაზე საუბრობს

ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანიაში Regeneron Pharmaceuticals აცხადებენ, რომ ორ ანტისხეულზე დამყარებული ექსპერიმენტული წამალი წარმატებით მუშაობს. მათი თქმით, მედიკამენტმა შეამცირა კორონავირუსის კონცენტრაცია სისხლში და არ გამოიწვია გვერდითი ეფექტები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

„რამდენიმე თვიანი ძალიან რთული სამუშაოების ჩატარების შემდეგ უზომოდ მოხარულები ვართ გამცნოთ, რომ ანტისხეულების კოქტეილი REGN-COV2 სწრაფად ამცირებს ვირუსის დატვირთვას და შესაბამის სიმპტომატიკას COVID-19-იან პაციენტებში“, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი ჯორჯ იაკოპულოსი.

მისი თქმით, პრეპარატს შეუძლია გახდეს თერაპიული ჩამნაცვლებელი ბუნებრივად წარმოშობადი იმუნური პასუხის.

„როიტერი“ თავის მხრივ აღნიშნავს, რომ კომპანია აპირებს პირველადი შედეგების განხილვას მარეგულირებელ ორგანოებთან მათ შორის, FDA-სთან.

ცნობისათვის, აღნიშნულმა კომპანიამ ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში გვამცნო ექსპერიმენტული მედიკამენტის ცხოველებზე წარმატებით ჩატარებულ ცდებზე. კომპანიამ ივლისში განაცხადა, რომ მიიღო 450 მილიონი დოლარის კონტრაქტი ამერიკის ხელისუფლებისგან ამ მედიკამენტის საწარმოებლად. წარმატების შემთხვევაში ის აპირებს 70-130 ათასი დოზის მიწოდებას ინფექციის სამკურნალოდ, ხოლო 420 ათასიდან 1,3 მილიონამდე დოზას ინფექციის პრევენციისთვის.

კოკა კვირკველია