ჩანთების, აქსესუარებისა და ფესაცმლის ბრენდი Gepherrini კორპორატიული შეკვეთების მიმართულებით ახალ სერვისს ამატებს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ილია გეფერიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ეს იქნება კერძო დაკვეთები, სასაჩუქრე ნივთები და ა.შ.
აღნიშული გადაწყვეტილება კომპანიამ პანდემიის შედეგების გაანალიზების შემდეგ მიიღო. როგორც ილია გეფერიძე ამბობს, სამი საექსპორტო ქვეყნის გახსნა, კომპანიის საქმიანობაზე დადებითად აისახა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მეორე ტალღის მოლოდინია, ონლაინ გაყიდვები და კორპორატიული შეკვეთები ძირითადი მიმართულება გახდება.
ცნობისთვის, Gepherrini ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან გამოჩნდა. ტრადიციული ორნამენტებით გაწყობილმა, გეომეტრიული დიზაინის ჩანთებმა დაინტერესება არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიწვია. Gepherrini-ს პროდუქცია იყიდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, შვედეთში, ჩინეთში, სულ 11 ქვეყანაში. საქართველოში კომპანია 6 სავაჭრო წერტილით არის წარმოდგენილი, აქედან 5 თბილისში და ერთი ბათუმში.
„შემაჯამებელ შედეგებს გეტყვით, საექსპორტო ბაზრების მიმართულებით დაახლოებთ, 3 ქვეყანა გაიხსნა და ველოდებით დანარჩენი ქვეყნების გახსნასაც. ადგილობრივ ბაზარს რაც შეეხება, წინსვლა გვაქვს, თუმცა გასულ 3 თვესთან შედარებით და არა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ონლაინ პლატფორმა ჩვენ მთავარ მიმართულებად რჩება და განსაკუთრებით „დიჯიტალში“ ვაპირებთ აქტიურობას.
ამ ეტაპზე ვმუშაობთ ინტენსიურად. ბოლო პერიოდში, რაც მეორე ტალღა წამოვიდა, მცირე შეფერხება იყო, თუმცა კატასტროფული მდგომარეობა ნამდვილად არ არის. რაც შეეხება მაღაზიებს, ყველა მათგანს შევინარჩუნებთ“,- ამბობს ილია გეფერიძე.
მიუხედავად იმისა, რომ „გეფერინს“ რეალიზაცია შეუმცირდა, ილია გეფერიძე იმედოვნებს, რომ ახალი მიმართულებების სრული დატვირთვით ამუშავება პანდემიით გამოწვეულ დანაკლისს შეავსებს.
„რა თქმა უნდა, რეალიზაცია ჯამურად შემცირებულია, მაგრამ ვმუშაობთ სხვადასხვა კუთხით. კერძოდ, კორპორატიულ მიმართულებას ვაუმჯობესებთ. მეტიც, სერვისის სახით ცალკე დეპარტამენტი ჩამოვაყალიბეთ. გვინდა, რომ ბაზარი უფრო მეტად ავითვისოთ და მაქსიმალურად დავაბალანსოთ ის დანაკარგი, რაც საექსპორტო ბაზრიდან მივიღეთ.
ეს იქნება კომპანიების მიერ კორპორატიული დაკვეთები, სასაჩუქრე ნივთები. დაახლოებით, 500-მდე კომპანია გვყავს, ვისთანაც ვთანამშრომლობთ. რაც შეეხება ონლაინ გაყიდვებს, ჩვენ გვაქვს საერთაშორიო საიტი და შეკვეთა მსოფლიოს ნემისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი“,- ამბობს ილია გეფერიძე.