Global Finance-მა კობა გვენეტაძე საუკეთესო ცენტრალური ბანკების მმართველთა შორის ზედიზედ მესამედ დაასახელა

მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance - მა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე 2020 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის მესამედ დაასახელა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

Global Finance - მა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავის შეფასებაში პირველად 2018 წელს ჩართო და ის, გასული ორი წლის მსგავსად, A- შეფასებით ცენტრალური ბანკის მმართველების იმ ელიტარულ კლუბში მოხვდა, რომელთაც A და A- შეფასება მიიღეს. ცენტრალური ბანკების მმართველების შეფასება ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებული პოლიტიკის რამდენიმე მიმართულებას ეფუძნება.

"ცენტრალური ბანკების ჩვენი ყოველწლიური შეფასება აჩვენებს თუ რომელი ქვეყნები მართავენ ეკონომიკას სწორად და როგორი პოლიტიკა იძლევა დადებით შედეგებს", - განაცხადა Global Finance - ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა ჯოზეფ ჯარაპუტომ. მისი თქმით, "კარგ დროსაც კი, ცენტრალური ბანკები მთელი რიგი გამოწვევების წინაშე დგანან. დღეს, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის გლობალურმა კრიზისმა მოიცვა, ცენტრალური ბანკები ისე, როგორც არასოდეს, ექცევიან პოლიტიკური და პრაქტიკული რეალობის წნეხს შორის", - აღნიშნა Global Finance - ის გამომცემელმა.

სებ-ის ცნობით, 2020 წლის Central Banker Report Cards - ში 90-ზე მეტი ცენტრალური ბანკირი შეფასდა. სრული ანგარიში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების დროს, Global Finance - ის ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდება და GFMag.com ზეც განთავსდება.

კობა გვენეტაძესთან ერთად, წელს აღნიშნულ კატეგორიაში არიან: ჩეხეთის ცენტრალური ბანკის მმართველი (ირჟი რუსნოკი), ასევე, ისრაელის (ემირ იარონი), ისლანდიის (ასგეირ იონსონი), საუდის არაბეთის (აჰმედ ალხოლიფეი), აშშ-ის (ჯერომ პაუელი) და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები.

Global Finance - ის დაჯილდოება საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდაა აღიარებული და დაჯილდოებული პირებისა და ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს.