საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, მოსალოდნელი არაა, რომ ბანკებმა მსესხებლებს სესხების დაფარვის საყოველთაო გადავადება მესამედაც შესთავაზონ.
"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, განიხილება თუ არა ბანკების მხრიდან მოქალაქეებისთვის სესხების დაფარვის საშეღავათო პერიოდის კიდევ ერთხელ შეთავაზება, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ "ასეთი ტიპის მესამე გადავადების ტალღა არ მოხდება". თუმცა, მისივე თქმით, საბანკო სექტორი მზადაა იმისთვის, რომ მსესხებლებს ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე შესთავაზონ საშეღავათო პერიოდი.
„პირველი ორი გადავადება, 3-3 თვით იყო საყოველთაო ტიპის. ამ პერიოდში ბანკებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა გაეანალიზებინათ, ვინ შეძლებდა სესხის დაფარვის და ვინ ვერა, ამიტომ გადავადება მთლიან პორტფელზე გაავრცელეს. პირველად გადავადების შეთავაზება მსესხებლების ნახევარმა გამოიყენა, ხოლო მეორედ შეთავაზებისას შემცირდა იმ მსესხებლების რაოდენობა, ვინც ისარგებლა. ასეთი ტიპის მესამე გადავადების ტალღა არ მოხდება, ამის მოლოდინი არ გვაქვს, რომ საყოველთაო ტიპის გადავადება იქნება. თუმცა, საბანკო სექტორის მხრიდან დახმარების მზაობა არის, ისინი ინდივიდუალურად ემუშავებიან კლიენტებს და ინდივიდუალურად წყვეტენ, ვის გაუკეთონ საშეღავათო პერიოდი. საყოველთაო ტიპის გადავადება ამ ეტაპზე განხილვის პროცესში არაა“, - აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.
შეგახსენებთ, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებს სესხების დაფარვის 3 თვით გადავადება პირველად მარტში შესთავაზეს. ამასთან, მაისში საშეღავათო პერიოდი მსესხებლების ნაწილს კიდევ 3 თვით გაუხანგრძლივდა. კერძოდ, გადავადება ავტომატურად შეეხო იმ მოქალაქეებს, ვინც სამსახურის დაკარგვის გამო სახელმწიფოს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მიიღეს დახმარება და ასევე სურვილის შემთხვევაში, შეთავაზება ეხებოდა მათაც, ვისაც შემოსავალი შეუმცირდა.