საქართველოში ბიზნეს-სექტორის ბრუნვა 25,9%-ით გაიზარდა

2019 წელს საქართველოში ბიზნეს-სექტორის ბრუნვა 25,9%-ით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამავე მონაცემებით, შარშან ბიზნესის ბრუნვამ 109.0 მილიარდი ლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2019 წელს მისი მოცულობა 47.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 14.0 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

2019 წელს მთლიანი ბრუნვის 55.5 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 19.3 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 25.2 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41.6 პროცენტი, საშუალოზე - 26.4 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 32.0 პროცენტი.

ამასთან, საქსტატის ცნობით, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2019 წელს 65.3 მლრდ ლარი (გასულ წელთან შედარებით 15.3 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 41.2 მლრდ. ლარი შეადგინა (გასულ წლთან შედარებით 14.7 პროცენტით მეტი).