ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად მყარდება დოლართან მიმართებაში, რაც ოპტიმისტურ მოლოდინებს ქმნის და მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობისათვის.
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, იმედოვნებენ, რომ ლარის კურსის გამყარება შემდგომშიც გაგრძელდება და საწვავის მიმდინარე ფასები სტაბილურობას შეინარჩუნებს.
მათივე ცნობით, საქართველოში არსებული საწვავის ფასი დამოკიდებულია ორ ძირითად ფაქტორზე: საერთაშორისო ფასი ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platt’s-ის მიხედვით; ასევე ლარის გაცვლითი კურსზე დოლართან მიმართებაში.
„ბოლო პერიოდში საწვავის ფასზე გავლენას ახდენდა ძირითადად ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში.
იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ლარი მნიშვნელოვნად მყარდება (დაახლოებით 13 თეთრით), შეიძლება ითქვას, რომ საწვავის მიმდინარე ფასები სტაბილურობას შეინარჩუნებს და არ გაიზრდება, თუ რა თქმა უნდა, ლარი გაუფასურებას არ დაიწყებს,“- აღნიშნულია განცხადებაში.