რითი დაამახსოვრა თავი მე-9 მოწვევის პარლამენტმა ეკონომიკური და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს - მიღებული და ჩაგდებული კანონები

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა 30 სექტემბერს მუშაობა დაასრულა და არჩევნებამდე ბოლო პლენარული სხდომა გამართა.

მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას 2016 წლის 18 ნოემბერს შეუდგა. საკანონმდებლო ორგანომ 4 წლის განმავლობაში ორი თავმჯდომარე გამოიცვალა. თავდაპირველად პარლამენტს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა, თუმცა 2019 წლის ივნისის მოვლენებისა და ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი მმართველი გუნდიდან არჩილ თალაკვაძემ გადაიბარა.

„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა შეჯამების სახით, შეეკრიბა ინფორმაცია თუ რა ეკონომიკური კანონების მიღება იყო დაკავშირებული მე-9 მოწვევის პარლამენტთან. ასევე დავინტერესდით, თუ რა კანონების დამტკიცება ვერ მოხერხდა ამ 4 წლიან პერიოდში.

გთავაზობთ, იმ რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტს, რომელიც 2016 წლიდან დღემდე საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა:

ანტიდემპინგური კანონი - წლებია გვესმის, რომ მიდის მუშაობა და აუცილებელია ქვეყანაში ამოქმედდეს კანონი, რომელიც ადგილობრივი ბიზნესის ინტერესებს დაიცავს. პარლამენტმა „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ" კანონპროექტი მიმდინარე წლის ივლისში დაამტკიცა. პროექტის მიღების მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება - 2018 წლიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ამოქმედდა. თუმცა, რეფორმის განხორციელება ეტაპობრივად დაიწყო და ყველა სატრანსპორტო საშუალებას მხოლოდ 2019 წლიდან შეეხო. მაგრამ აღსანიშნავია, რომ რეფორმის სხვადასხვა საკითხის საკანონმდებლო დონეზე დახვეწა კი მე-9 მოწვევის პარლამენტის დროს მოხდა, თუმცა თვითონ საკითხზე საუბარი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის დაიწყო. სავალდებულო ტექინსპექტირება ქვეყანაში 2015 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მისი რამდენჯერმე გადავადება მოხდა, ამის ძირითადი მიზეზი კი ის იყო, რომ ქვეყანაში ინფრასტრუქტურა სათანადოდ არ იყო განვითარებული.

დაგროვებითი პენსია - პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, 2018 წლის ივლისში მიიღო. ახალი საპენსიო სისტემა 2019 წლიდან ამოქმედდა ქვეყანაში. სისტემაში ჩართვა 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის სავალდებულო, 40 წლის შემდეგ და თვითდასაქმებულებისთვის კი - ნებაყოფლობითი იყო. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა ნაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. სისტემის სამი მონაწილე მხარე - მთავრობა, დამსაქმებელი და დასაქმებული ყოველთვიურად ახორციელებს 2%-იან შენატანს დასაქმებულის პერსონალურ საპენსიო ანგარიშზე, რაც საბოლოო ჯამში უტოლდება 6%-ს.

ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში - მე-9 მოწვევის პარლამენტს უკავშირდება ასევე თამბაქოს შესახებ კანონში ცვლილებები, რომლითაც დახურულ სივრცეებში თამბაქოს მოხმარება აიკრძალა. კერძოდ, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული რიგი ცვლილებები 2018 წლის 1-ლი მაისიდან ამოქმედდა. აკრძალვა შეეხო, ნებისმიერ დახურულ სივრცეს, პირადი საცხოვრებლის გარდა, იქნებოდა ეს შენობა, კაფე, რესტორანი თუ ოფისი. ამასთან, ცვლილებებით აიკრძალა ასევე: თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის, თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან განლაგება რიგ ადგილებში.

მორატორიუმი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე - მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობასთან არის დაკავშირებული ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შეძენის ახალი რეგულაციების მიღება. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებაზე მორატორიუმი 2017 წლის ივნისში გამოცხადდა. უკვე 2017 წლის სექტემბერში კი კონსტიტუციაში გაკეთდა ჩანაწერი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში.

შრომის შესახებ კანონი - კანონპროექტი, რომლითაც შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად წესრიგდება, საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სექტემბერში დაამტკიცა. შრომის კოდექსში ცვლილებების თანახმად, ახლებურად რეგულირდება შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვასთან, ინდივიდუალურ შრომით ურთიერთობებთან, შრომითი ურთიერთობის წარმოშობასთან და სამუშაოს შესრულებასთან, შვებულებასთან, შრომის ანაზღაურებასთან, სამუშაო ადგილზე ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გამართვასთან, აგრეთვე სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიასთან დაკავშირებული საკითხები.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონი - 2020 წლის 17 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რასაც ეს ცვლილებები ითვალისწინებს არის ის, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უფლებამოსილება ეძლევა კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს. სატელეკომუნიკაციო კომპანიები აღნიშნულის მიღების კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ. ბიზნესი თვლის, რომ პროექტი კომუნიკაციების კომისიას როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ ბერკეტებს გაუჩენს იმისათვის, რომ მათ საქმიანობაში ჩაერიოს. ამასთან, „კავკასუს ონლაინი“ აცხადებდა, რომ კანონში ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებდა.

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში - მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პერიოდში ამოქმედდა არაერთი ცვლილება ასევე საგადასახადო კოდექსში. მათ შორის 2017 წლიდან გაიზარდა აქციზი, თამბაქოზე, საწვავზე, ავტომობილებზე, 2017 წლიდან ბიზნესი მოგების გადასახადისგან თავისუფლდება თუ იგი მიღებულ მოგების რეინვესტირებას მოახდენს; დაწესდა ქონების გადასახადი ავტომობილებზე და ა.შ.

ასევე „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა კანონპროექტების დამტკიცება არ მოხერხდა პარლამენტში. მათ შორის რამდენიმე მნიშვნელოვანს შეგახსენებთ:

კანონპროექტი, რომელიც სათამაშო ბიზნესს არეგულირებს - ფაქტობრივად 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდიდანვე გვესმის დაპირებები, რომ პარლამენტი მიიღებს კანონს რომელიც სათამაშო ბიზნესს დაარეგულირებს. თუმცა, ამ 8 წლის განმავლობაში ამ კანონის მიღება და ამოქმედება ვერ მოხერხდა. რასაც ექსპერტები იმას უკავშირებენ, რომ აღნიშნულ სფეროს ძლიერი ლობისტები ყავს.

კანაფის შესახებ კანონპროექტი - სწორედ მე-9 მოწვევის სახელს უკავშირდება ერთ-ერთი ხმაურიანი კანონპროექტის მიღების საკითხი. საუბარია, კანაფის შესახებ კანონზე, სსიპ-ის სახით უნდა შექმნილიყო კანაფის კონტროლის სააგენტო, რომელიც გასცემს ლიზენციებს, ზედამხედველობას გაუწევს კანაფის ბრუნვას, სალიცენზიო პირობების შესრულებას და ა.შ. ასევე კანონპროექტით, ლეგალური ხდება კანაფის მხოლოდ ექსპორტისათვის წარმოება (სამედიცინო ან/და სამრეწველო მიზნით). საკითხი 2018 წლის სექტემბერში გააქტიურდა და ეს მთავობის ინიციატივა პარლამენტსაც წარედგინა. თუმცა, ეს საკითხი აქტუალური ძალიან მცირე ხნით იყო, რადგან ერთი მხრივ ოპოზიციისა და მეორეს მხრივ მოქალაქეთა ნეგატიური შეფასებების გამო, 2018 წლის ნოემბერში კანონპროექტი მთავრობამ უკან გაიწვია.

თაია არდოტელი