ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა - როგორია საშუალო თვიური ხელფასი

2019 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 756.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 3.1%-ით აღემატება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.4% ქალია, ხოლო 58.6 % - კაცი.

რაც შეეხება, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობას წლების მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • 2012 წელი - 534,5 ათასი ადამიანი
  • 2013 წელი - 550,9 ათასი ადამიანი
  • 2014 წელი -592,1 ათასი ადამიანი
  • 2015 წელი - 626,7 ათასი ადამიანი
  • 2016 წელი - 666,8 ათასი ადამიანი
  • 2017 წელი - 708,2 ათასი ადამიანი
  • 2018 წელი - 734,2 ათასი ადამიანი
  • 2019 წელი 756,9 ათასი ადამიანი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 35.0% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.2 % - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 44.8% - მცირე ბიზნესზე.

ამასთან, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 702.0 ათასი კაცი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით - 3.3%-ით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 9 977.2 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასულ წელთან შედარებით 10.3%-ით მეტი). ხოლო, 2019 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 161.7 ლარს გაუტოლდა (გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 60.5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 864.7 ლარი (გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 29.4 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

  • მსხვილი ბიზნესი – 1 303.3 ლარი
  • საშუალო ბიზნესი – 1 416.8 ლარი
  • მცირე ბიზნესი – 893.5 ლარი
ნინი ქეთელაური