სექტორები, სადაც ბრუნვა ყველაზე მაღალია

2019 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 39.4 % ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) მოდის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 23.8 %-იანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 9.6%, მშენებლობა - 7.6 %, ტრანსპორტი და დასაწყობება - 5.5 %, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 3.2 %, ხოლო დარჩენილი 10.9% კი, სხვა დარგებზე ნაწილდება.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2019 წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (21.7 %) და მშენებლობა (18.8 %); შემდეგ მოდის ვაჭრობა (16.7 %), ტრანსპორტი და დასაწყობება - 9.7%. ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.1 %-იანი წილი უჭირავს.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში ბიზნეს-სექტორის ბრუნვა 25,9%-ით გაიზარდა. ამასთან, შარშან ბიზნესის ბრუნვამ 109.0 მილიარდი ლარი შეადგინა.

ნინი ქეთელაური