ინდოეთში სკოლები და კინოთეატრები იხსნება

ინდოეთში კორონავირუსის გამო დახურული კინოთეატრები და საგამოფენო ცენტრები 15 ოქტომბრიდან გაიხსნება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამავე პერიოდიდან ქვეყანაში სკოლები და კოლეჯებიც გაიხსნება.

ნებადართული ხდება დახურულ სივრცეებში რელიგიური და პოლიტიკური ღონისძიებების გამართვაც, თუმცა შენობები მხოლოდ ნახევრად უნდა იყოს დატვირთული და ასევე შეკრებილი მოქალაქეების რაოდენობა 200-ს არ უნდა აჭარბებდეს.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვების მოხსნა იმ რაიონებს არ შეეხება, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია და იქ საკარანტინო რეჟიმი 31 ოქტომბრამდე შენარჩუნდება.

ცნობისათვის, ინდოეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 80 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში 6 300 000-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, აქედან დაღუპულია 98 708 პაციენტი.