სამხედრო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ შპს „დელტა ტექსტილი“ დააფუძნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შპს „დელტა ტექსტილის“ მიერ შეძენილი „ჯეო-ემ-ტექსის“ სამკერვალო ფაბრიკა დაათვალიერა და მის შესაძლებლობებს გაეცნო. „დელტა ტექსტილი“ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ დააფუძნა.

ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროდან იუწყებიან.

უწყების ინფორმაციით, „დელტა ტექსტილმა“ რომლის 100%-იანი წილი სახელმწიფოს მფლობელობაშია, ევროპულ ბაზარზე აქტიურად მომუშავე, ტექსტილის მწარმოებელი მსხვილი ქართული კომპანიის „ჯეო-ემ-ტექსის“ 49%-იანი წილი შეისყიდა.

„სამკერვალო ფაბრიკაში, რომელიც თანამედროვე იტალიური და იაპონური წარმოების სამკერვალო დანადგარებით არის აღჭურვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა ძალოვან უწყებებში მომსახურე პირებისთვის მაღალი ხარისხის ზამთრის და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო ფორმები შეიკერება. აქვე მოხდება საბრძოლო ეკიპირების, ინდივიდუალური დაცვისა და განტვირთვის სისტემების, მაისურების, საწვიმარი ლაბადების, საქარე ქურთუკების, პულოვერების, ქუდების, ხელთათმანების, ზურგჩანთების, სანივთე ტომრების და სპორტული ტანსაცმლის სერიული წარმოება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს ამბიციური პროექტი საშუალებას მოგვცემს ხარჯების ეკონომიით მივიღოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ასევე, გავაძლიეროთ ქართული ეკონომიკა და შევქმნათ სამუშაო ადგილები.

თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დღეს მხარეებმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმებით დაადასტურეს. დოკუმენტს ხელი სსსტც „დელტას“ დირექტორმა ზურაბ აზარაშვილმა და „ჯეო-ემ-ტექს“-ის წარმომადგენელმა გრიგორი მორჩილაძემ მოაწერეს. მხარეებმა სურვილი გამოხატეს, რომ ურთიერთთანამშრომლობის გზით ადგილობრივ სამკერვალო წარმოებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობენ ხელს. საწარმო მზადყოფნას გამოთქვამს სამინისტროს დაკვეთები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტით შეასრულოს, სამინისტრო კი, თავის მხრივ ფორმების იმპორტს ადგილობრივი ნაწარმით ჩაანაცვლებს.

„დელტა ტექსტილის“ საწარმოო ბაზა წარმოდგენილია 2015 წელს დაფუძნებული, ყველაზე საუკეთესო სამკერვალო ფაბრიკის სახით, სადაც ამჟამად 360 ადამიანია დასაქმებული. კონკრეტული კომპანია საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ უძრავ-მოძრავი აქტივებისა და საწარმოო პოტენციალის შეფასების შემდეგ შეირჩა. კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა მსოფლიოში აპრობირებული წარმატებული პრაქტიკაა, რომელიც განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება თავდაცვის სფეროში წარმოების მიმართულებით. ინვესტიციის განხორციელების შედეგად, შპს „დელტა ტექსტილს“ მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროექტების მინიმალური მარჟის პირობებში განახორციელების საშუალება მიეცემა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.