შავლეგ მიშველაძე - ლარის კურსის პოზიტიური დინამიკა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს, როგორც საწვავის ბაზარზე, ისე მთლიანად ეკონომიკაზე

ლარის კურსის პოზიტიური დინამიკა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს, როგორც საწვავის ბაზარზე, ისე მთლიანად ეკონომიკაზე, - აცხადებს „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი, შავლეგ მიშველაძე.

მისი განცხადებით, ლარის გაცვლითი კურსის გარშემო უკანასკნელი დღეების დინამიკა ქვეყნის ნავთობსექტორისთვის ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის.

„ყველასათვის ცნობილია, რომ საწვავის ფასს განაპირობებს საერთაშორისო ბაზრის ფასისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ერთობლიობა. ლარის გამყარების დინამიკა საშუალებას მისცემს სანავთობო ინდუსტრიის ძირითად მოთამაშეებს შეინარჩუნონ საწვავის სარეალიზაციო ფასი არსებულ ნიშნულზე. ეს კი ორმხრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს - ერთი მხრივ, საზოგადოების მოლოდინი რომ არ გაძვირდეს საწვავი, ხოლო მეორე მხრივ, ნავთობკომპანიების სურვილი - საწვავის ფასი იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი თითოეული მომხმარებლისათვის. იმედს ვიტოვებთ, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება და შენარჩუნდება, რაც ბიზნესის ყველა სფეროში განამტკიცებს სტაბილურობის განცდას და დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე”,- განაცხადა შავლეგ მიშველაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ავრცელებს.