მთავრობა 26,1 მლნ ლარად 325 ავტომობილს ყიდულობს - ვისთვის ხორციელდება შესყიდვა

მთავრობა 325 ავტომობილის შესყიდვას გეგმავს. კერძოდ, ამ მიზნით 4 სხვადასხვა კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდა.

1-ლი ტენდერის თანახმად, იგეგმება სპეციალიზებული (პიკაპი) ტიპის 87 სატრანსპორტო საშუალების შეყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 7 899 600 ლარია. მე-2 ტენდერის თანახმად - ოპერატიული დანიშნულების 50 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შესყიდვა - 3 705 000 ლარად უნდა მოხდეს. მე-3 ტენდერი, რომლის შემთხვევაშიც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება - 13 766 368 ლარს შეადგენს, გულისხმობს ოპერატიული დანიშნულების 176 ერთეულის შესყიდვას და ბოლო მე-4 ტენდერი ოპერატიული დანიშნულების 12 ერთეულის შესყიდვას 746 952 ლარად გულისხმობს. ანუ ჯამში, 26 117 920 ლარის სატრანსპორტო საშუალების შესყიდვა იგეგმება.

ამ მიზნით ტენდერები 29 სექტემბერს გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 4 ოქტომბერს იწყება და 5 ოქტომბერს დასრულდება.

ზემოთჩამოთვლილი 87 პიკაპიდან, 50 ერთეული სატრანსპორტო საშუალება განკუთვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, 25 ერთეული სატრანსპორტო საშუალება განკუთვნილია შპს "საქართველოს მელიორაციისთვის", 10 ერთეული სატრანსპორტო საშუალება განკუთვნილია სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის, ხოლო 2 ერთეული - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის.

მეორე ტენდერის ფარგლებში 50-ვე ავტომობილი შს სამინისტროსთვის არის განსაზღვრული; 176-დან 150 ერთეული სატრანსპორტო საშუალება განკუთვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, 20 - დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის, 4 ერთეული - საქართველოს დაზვერვის სამსახურისთვის, ხოლო 2 ერთეული - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის.

ხოლო 12-დან 5 ერთეული სატრანსპორტო საშუალება განკუთვნილია დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის, 4 ერთეული საქართველოს პროკურატურისთვის, ხოლო 3 ერთეული - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის.

სატენდერო მოთხოვნების თანახმად, შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2020 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. ამასთან, ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ავტომობილები უნდა იყოს თეთრი ფერის.

თაია არდოტელი