Covid-19-ის პრევენციის ახალი პროტოკოლით, კერძო და სახელმწიფო საბავშვო ბაღების შემოწმება მიმდინარე კვირას დასრულდება. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსს“ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განუცხადა.
ბაღების გახსნის პროცესი არაერთხელ გადაიდო და კერძო ბაღებმა პრემიერს პეტიციითაც კი მიმართეს, რათა მათთვის მუშაობის განახლების უფლება მიეცათ. საქმიანობის შეჩერების მთავარი არგუმენტი კი სკოლამდელი ასაკის ბავშვებში რეგულაციების დაცვის სირთულე და ინფრასტრუქტურის მოუმზადებლობა იყო. თავის მხრივ, პროტოკოლთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა კერძო სექტორსაც.
შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროტოკოლთან დაკავშირებით კითხვები და გამოწვევები აღარ არსებობს, მათ შორის, არც ბაღების მხრიდან.
,,ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით, როგორც საჯარო, ასევე კერძო ბაღების წარმომადგენლებს. შევჯერდით, რომ თითოეული ბაღი ინდივიდუალურად დაადგენს გეგმას, გრაფიკს და ბავშვების გადანაწილების ცხრილს ოთახების მიხედვით. პროტოკოლთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია და კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. ახლა, ვართ შემოწმების რეჟიმში და მიმდინარე კვირაში ეს პროცესიც დასრულდება და მიეცემათ მუშაობის უფლება სააღმზრდელო ობიექტებს“, - თქვა ფერაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
პროტოკოლით განსაზღვრული ნორმები კი ასეთია:
პროტოკოლის თანახმად, საბავშვო ბაგა-ბაღებში მშობლების შესვლა-გამოსვლა აიკრძალება. ასევე, დაწესდა შეზღუდვები ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებით. მშობელი ვალდებულია ბავშვის ბაღიდან გამოყვანისას წინასწარ დაუკავშირდეს ადმინისტრაციას და ითხოვოს, ბავშვი ბაღის შესასვლელთან გაუყვანონ.
ჯგუფებში ბავშვების დასაშვებ რაოდენობაც შეცვლილია. პროტოკოლის მიხედვით, უნდა შემუშავდეს ისეთი გრაფიკი, რომლის მიხედვითაც თითოეულ ჯგუფში ბავშვების რაოდენობა დაბალანსებული იქნება.
სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე ძიძების, ბაღის ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება დაიწყება. დაინერგება ახალი სააღმზრდელო პროგრამა, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გაიწერა.
ასევე, სათამაშოების რეცხვისთვის განსაზღვრული იქნება შესაბამისი წესები, რომ უნდა მოხდეს სათამაშოს 27-30 გრადუსზე რეცხვა და დეზინფექცია, ასევე მშრალი წესით გაშრობა.
ცნობისთვის, საბავშო ბაღები, აჭარის გარდა, მუშაობას 12 ოქტომბრიდან განაახლებენ.