როგორია Visa-ს მიერ She’s Next ინიციატივის ფარგლებში ქართველ მეწარმე ქალებს შორის ჩატარებული კვლევის შედეგები

Visa-ს გლობალური ინიციატივის She’s Next Empowered by Visa კამპანიის ფარგლებში, საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანი იყო მეწარმე ქალებისა და ბიზნესის მფლობელების გამოკითხვა და შედეგების ანალიზი მათი დამოკიდებულებების, გამოცდილებისა და პრობლემების უკეთ გასაგებად.

კამპანია She’s Next Empowered by Visa მეწარმე ქალებს სხვადასხვა სფეროს ექსპერტებთან აკავშირებს, ხელს უწყობს მათი ცოდნის გაღრმავებას, კონტაქტების დამყარებას და მიზნად ისახავს ქალ მეწარმეთა ხელშეწყობას. She’s Next ინიციატივა, 2019 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო და დღეს Visa–ს მხარდაჭერით უკვე გლობალური მასშტაბით ხორციელდება.

საქართველოში ჩატარებული კვლევის მიზანია იმ გარემოს შეფასება, სადაც ბიზნესის მფლობელი ქალები საქმიანობენ, კერძოდ: მათ მიერ დასახული მიზნების, მათ წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი მამოტივირებელი ფაქტორების იდენტიფიცირება.

საქართველოში ქალ მეწარმეთა შორის ჩატარებული კვლევის ძირითადი შედეგები:

  • რა ამოძრავებს მეწარმე ქალებს: ფინანსური დამოუკიდებლობა (68%), მეტი ფულის გამომუშავების სურვილი (59%), ოცნების ახდენის სურვილი (21%) - ეს არის საქართველოში ქალებისთვის ბიზნესის დაწყების სამი ძირითადი მოტივატორი.
  • დაფინანსება უდიდეს სირთულეს წარმოადგენს: ბიზნესის დაწყებისას ძირითად პრობლემას წარმოადგენს კაპიტალის მოზიდვა და დაფინანსება. მეწარმე ქალების 50% აღნიშნავს, რომ ბიზნესის დასაწყებად დაფინანსების მოპოვებისას ისინი გარკვეულ სირთულეებს წააწყდნენ. მეწარმე ქალთა 72%-მა თავად დააფინანსა საკუთარი ბიზნესი, 45%-მა საბანკო სესხი აიღო, ხოლო 11%-მა გრანტი მიიღო.
  • მეწარმე ქალთა ქსელის არსებობა აძლიერებს: ქალების 88% იცნობდა სხვა მეწარმე ქალს, სანამ საკუთარ ბიზნესს წამოიწყებდა, 45% კი ისურვებდა საკუთარი ბიზნესის დაწყებამდე სხვა მეწარმე ქალისაგან მიეღო რჩევა.
  • ბიზნესის გაფართოება: ძირითადი მიმართულება, რისთვისაც მეწარმე ქალებს დამატებითი ინვესტიცია სჭირდებათ, არის ახალი პროდუქტებისა და სერვისების შექმნა და ახალ ბაზარზე გასვლა (41%).
  • COVID-19-ის ზეგავლენა: მეწარმე ქალების 54% აცხადებს, რომ ბიზნესის მართვა წინა წლებთან შედარებით გართულდა. ყველაზე დიდ პრობლემას პანდემიის დროს წარმოადგენდა სავაჭრო ობიექტების ნაწილობრივ, ან მთლიანად დახურვა (49%). გამოკითხულთა 44% აღნიშნავს, რომ გაყიდვების კლება მომხმარებლის მიერ შესყიდვების შემცირებით იყო გამოწვეული. კვლევაში იკვეთება, რომ პანდემიის პირობებში ათიდან ორმა რესპონდენტმა ვერ შეძლო მომხმარებლისთვის პროდუქტის მიწოდება (22%).
  • ციფრულ ფორმატზე გადასვლა: გამოკითხულთა 37% აპირებს ბიზნესის ონლაინ პლატფორმაზე გადატანას. 65%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რა შესაძლებლობას აძლევს ონლაინ ვაჭრობა მათ ბიზნესს. რესპონდენტთა მხოლოდ 13%-მა აღნიშნა, რომ ონლაინ ვაჭრობა გაზრდის გაყიდვებსა და კონკურენტუნარიანობას.
  • საგანმანათლებლო პლატფორმები და ინსტრუმენტები: მეწარმე ქალების 74% დაინტერესებულია საგანმანათლებლო სემინარებში მონაწილეობით. მათთვის ყველაზე საინტერესო თემებია: საგადახდო სისტემები და ახალი ტექნოლოგიები, კრიზისისა და სტრესის დაძლევა, ეფექტური მუშაობა კრიზისის პირობებში, დამატებითი დაფინანსების მიღება, ბრენდის სტრატეგიის შემუშავება, სოციალური ქსელების მართვა.

„ბიზნესის მართვა დიდ შრომას, ინვესტიციას და თავდადებას მოითხოვს. She’s Next ინიციატივის გაფართოება და მისი საქართველოში განხორციელება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. Visa მიზნად ისახავს ბიზნესის მფლობელი ქალების გაძლიერებას გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროგრამისა და უახლესი ციფრული საგადახდო ტექნოლოგიის გზით. ჩვენ გავაგრძელებთ მეწარმე ქალთა მხარდაჭერას, რადგან ისინი ქმნიან და ავითარებენ თავიანთ ბიზნესს და ადგილობრივ ეკონომიკას.“ - განაცხადა კრისტინა დოროშმა, Visa–ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში.

She’s Next Empowered by Visa საგანმანათლებლო პროგრამის I ტალღის ფარგლებში Visa–მ, ბიზნესლიდერთა ფედერაციასთან ერთად „ქალები მომავლისთვის“, უმასპინძლა 4 ვებინარს წარმატებული ქალების, ტრენერების, ექსპერტებისა და სამოტივაციო სპიკერების მონაწილეობით. ვებინარებს შემოუერთდა 600-ზე მეტი ქალი, რომლებსაც საშუალება მიეცათ განევითარებინათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და მიეღოთ ცოდნა ბიზნესის მართვის, პიროვნული განვითარების, კრიზისების მართვის სტრატეგიებისა და მოლაპარაკებების წარმართვის შესახებ.

პროგრამის მონაწილეებს შორის კავშირის უზრუნველსაყოფად შეიქმნა Facebook ჯგუფი, რომლის წევრთა რაოდენობამ 600-ს მიაღწია.

იხილეთ She’s Next პლატფორმა და ქალთა წარმატების ისტორიები Forbes Woman Georgia-ს გვერდზე.

She’s Next Empowered by Visa პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ გვერდზე: Visa She's Next

ცნობისათვის, კვლევა ჩატარდა Visa-ს დაკვეთით ACT Global-ის მიერ, 2020 წლის სექტემბერში, საქართველოში მცხოვრებ 300 ქალ მეწარმეს შორის.