ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიანმა თურქეთს მოუწოდა, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ცალმხრივი მოქმედებებისგან თავი შეიკავოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სანქციებით დაემუქრა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ევროკავშირს თურქეთთან კონსტრუქციული და პოზიტიური ურთიერთობა სურს, რაც ანკარას ინტერესშიც უნდა იყოს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პროვოკაციები და ზეწოლა შეწყდება. ველოდებით, რომ ამიერიდან თურქეთი თავს შეიკავებს ცალმხრივი მოქმედებებისგან. იმ შემთხვევაში კი, თუკი ანკარა ასეთ მოქმედებებს განაახლებს, ევროკავშირი მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტსა და ვარიანტს გამოიყენებს,“- აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიანმა.
განცხადება გააკეთა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმაც, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი თურქეთს ვაჭრობისა და სხვა სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობას სთავაზობს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ხმელთაშუაზღვისპირეთში სიტუაციის დეესკალაციას არ მოახდენს, სანქციებს დაუწესებს.
მედიის ინფორმაციით, წუხელ გამართული შეხვედრის დროს ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ თურქეთის საკითხს დეკემბერში კვლავ განიხილავენ და იმ შემთხვევაში, თუკი ანკარა პროვოკაციებს არ შეწყვეტს, მას სანქციებს დაუწესებენ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის დასაწყისში თურქეთს საბერძნეთსა და კვიპროსთან სიტუაცია მას შემდეგ დაეძაბა, რაც მან აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სადავო ტერიტორიულ წყლებში ენერგო რესურსების მოპოვების მიზნით გემი გაგზავნა.