ჯამრთელობისთვის საშიში სამკაულები თბილისში - კვლევის შედეგები

თბილისში სხვადასხვა მაღაზიაში ჯანმრთელობისთვის საშიში სამკაულები იყიდება. ამის შესახებ „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (momxmarebeli.ge) ახალ კვლევაშია აღნიშნული.

ცენტრის ცნობით, კვლევის ფარგლებში, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეიძინეს 24 დასახელების სამკაული და გააგზავნეს აშშ-ის ლაბორატორიაში MSR Laboratories კადმიუმისა და ტყვიის შემცველობაზე შესამოწმებლად. 7 ნიმუში ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდა.

„შემთხვევითი შერჩევით შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის. საქართველოში ბიჟუტერიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების მოთხოვნები არ არსებობს. ამიტომაც ნიმუშები ევროკავშირში მოქმედი ნორმების მიხედვით შემოწმდა.

კვლევის შედეგად, 7 ნიმუში არ შეესაბამება ევროკავშირში არსებულ მოთხოვნებს. ზოგიერთ მათგანში კადმიუმის ან ტყვიის შემცველობა რამდენიმე ასეულჯერ ან ათასეულჯერაც კი აჭარბებს დაშვებულ ნორმებს.

აღსანიშნავია, რომ ბიჟუტერიის კვლევისას თითოეული ნიმუში შემადგენელ დეტალებად იშლება და ცალ-ცალკე მოწმდება, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამიტომაც, ნიმუშები სრულად ვერ შემოწმდა.

ჩვენ სისტემატურად ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ საქართველოში სამომხმარებლო პროდუქციის უმეტეს ნაწილზე უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი მრავალი წელია არ მოქმედებს. ამგვარად, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაუცველია. მოცემული კვლევა კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად გადადგას ქმედითი ნაბიჯები.

კადმიუმი და ტყვია ორგანიზმში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდეს, მათ შორის, პროდუქციის მოხმარების დროს. ეს ლითონები გროვდება სხეულში და სხვადასხვა ორგანოების დაზიანებას იწვევს. კადმიუმი ხელს უწყობს სიმსივნის წარმოშობას, ფილტვების, თირკმელებისა და ძვლების დაზიანებას. ტყვია აზიანებს ტვინს, თირკმელებს, ღვიძლს, გულ-სისხლძარღვთა და რეპროდუქციულ სისტემას,“- აღნიშნულია კვლევაში.

დეტალური ინფორმაცია თუ რომელ მაღაზიაში და რომელი სამკაული აღმოჩნდა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში, შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე : სამკაულების შემოწმება

თაია არდოტელი