1 წელიწადში თევზეული - 11.7%-ით, პურპროდუქტები - 8.7%-ით, ხილი და ყურძენი - 8.2%-ით, ხორცის პროდუქტები - 5.7%-ით, ნატურალური წვენები - 5.1%-ით  გაძვირდა

2020 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.7 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.9 პროცენტით, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (3.5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.5 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.8 პროცენტით, რაც 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (3.1 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურების (1.7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.14 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (2.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.2 პროცენტი), ხილი და ყურძენი (0.6 პროცენტი) და ბოსტნეული და ბაღჩეული (0.6 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები მომატებულია 2.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია როგორც ფეხსაცმლის (3.3 პროცენტი), ასევე ტანსაცმლის (1.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.97 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ყავა, ჩაი და კაკაო (14.4 პროცენტი), თევზეული (11.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (11.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (8.7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (8.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.1 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7.5 პროცენტით, რაც 0.61 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12.0 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (9.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.9 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.59 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (13.3 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.1 პროცენტი);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.1 პროცენტით. შესაბამისად, წლიურ ინდექსში ჯგუფის წვლილმა 0.51 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (30.3 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (13.0 პროცენტი).

თაია არდოტელი