ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის განცხადებით, მაშველები ამ დრომდე ეძებენ მეწყრულ მასაში მოყოლილ 5 ადამიანს, რომელთა პოვნა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "პოლიტNEWS"-ი განაცხადა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ 3 ოჯახი ქირით უზრუნველყო, რადგან უამინდობა ამ დრომდე გრძელდება და ჯერ კიდევ არის მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე.
„3 ოჯახი გავიყვანეთ ქირით იმის გამო, რომ წვიმს და სახლებთან ძალიან ახლოსაა მეწყერი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ისინი ამ ეტაპზე ქირით გავიყვანეთ“, - აცხადებს მერი.
ჯუმბერ ვარდმანიძის განცხადებით, ხელვაჩაურში სტიქიამ ძალიან დიდი პრობლემები შექმნა. მისი თქმით, წინასწარი შეფასებით, რამდენიმე მილიონის ზარალზეა საუბარი.
„მთავარი საზრუნავი და ტკივილი არის სახლი, სადაც ადამიანები დაიკარგნენ და მათი ძიება მიმდინარეობს. სტიქიამ საკმაოდ დიდი ზარალი მოგვაყენა. წინასწარი მონაცემებით, რამდენიმე მილიონის ზარალზეა საუბარი, ზუსტად ჯერჯერობით ვერ გეტყვით, მიმდინარეობს დათვლა და აღწერა. გარდა ამისა, მეწყერის დროს, როდესაც მიწა გაშრობას დაიწყებს, მაშინაც ხდება მეწყრული პროცესები“,-განაცხადა ვარდმანიძემ.
მისი განმარტებით, სტიქიამ პრობლემები შექმნა როგორც სასმელი წყლის, ასევე ელექტროენერგიის მიწოდებისა და გაზმომარაგების თვალსაზრისით.
„მაქსიმალურად ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ“,- აცხადებს მერი.
ჯუმბერ ვარდმანიძის განცხადებით, ადგილზე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.
„ძალიან დიდი ძალებია მობილიზებული, როგორც ჩვენი რეგიონის, ასევე სხვადასხვა რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების. თბილისიდანაც არიან მაშველები ჩამოსული. მძიმე ტექნიკაც ადგილზეა. ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს“,-განაცხადა ხელვაჩაურის მერმა.
ცნობისთვის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგად 5 ადამიანის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდა მძიმე ტექნიკის მეშვეობით მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მეხანძრე-მაშველები. ამ ეტაპზე მეწყერში მოყოლილი ოჯახის პირადი ნივთებია ნაპოვნი.