„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთში ზეთის საწარმო შენდება

„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით და „შპს ჯოლიოსთან“ თანამშრომლობით, ფოთში საკვები ზეთის საწარმო შენდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, მშენებლობა ნოემბრის შუა რიცხვებში სრულად დასრულდება. კომპანია სატესტო რეჟიმში დაიწყებს პროდუქტის ჩამოსხმას. ყოველდღიურ საქმიანობაში კომპანია 40 ადამიანს დაასაქმებს.

„პროექტის ჯამური ღირებულება 4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ბანკის მხარდაჭერით კი 5 მლნ ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოიყო, რაც საწარმოს მშენებლობას და დანადგარების შეძენას მოხმარდება. საწარმო თვეში 3000 ტონა მზესუმზირის გადამუშავებას შეძლებს, რაც დაახლოებით 1 მლნ რაფინირებული ზეთის ბოთლის წარმოებას უტოლდება. გარდა ამისა, იგეგმება მზესუმზირის გადამუშავების შედეგად მიღებული „მზესუმზირის შროტის“ რეალიზაცია, რაც ცხოველთა კვებისთვის გამოიყენება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.