საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის მდგრადი განვითარების შესახებ თანამშრომლობის 2021-2025 წლების ჩარჩო-დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს გაეროს მიერ ქვეყნისთვის გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ სამომავლოდ დოკუმენტი მხარეებს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დოკუმენტში ასახულია ქვეყნის პრიორიტეტები, გამოწვევები, მოქალაქეთა საჭიროებები და პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის გზები.
როგორც საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა აღნიშნა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას სურს საქართველოსთან მუშაობის გაგრძელება, განსაკუთრებით იმ მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულებებით, რაც სოციალურ თანასწორობას, ადამიანური რესურსის შესაძლებლობებსა და ადამიანური რესურსის განვითარებას გულისხმობს.
„ახალი თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების განხორციელება მომდევნო წლის 1 იანვარს დაიწყება. ეს ჩარჩო შეთანხმება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობის გაგრძელებას“, - განაცხადა საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩარჩო-დოკუმენტი შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში მხარეებს შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს და სრულ თანხვედრაშია 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგთან.
მათი ცნობით, დოკუმენტი მოიცავს ხუთ თემატურ მიმართულებას - ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუციები; თანაბარი და ინკლუზიური ხელმისაწვდომობა ხარისხიან მომსახურებაზე; ინკლუზიური ეკონომიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება; ადამიანის უსაფრთხოება; გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება.
საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის მდგრადი განვითარების შესახებ თანამშრომლობის 2021-2025 წლების ჩარჩო-დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულნი იყვნენ სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო პარტნიორები, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.