თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურში მომხდარ სტიქიაზე - თუ რაიმე სახის მოთხოვნა დარჩა ყურადღების გარეშე, ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფელ ჯოჭოში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობას კიდევ ერთხელ გაეცნო.

როგორც მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით შეიქმნა სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, რომელიც 24-საათის განმავლობაში გააგრძელებს მუშაობას.

„მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. მაშველები აგრძელებენ მუშაობას, რომ რაც შეიძლება მალე ვიპოვოთ ეს ადამიანები. უმთავრესია, ინტენსიურად გავაგრძელოთ სამუშაოები. თუ რაიმე სახის მოთხოვნა დარჩა ყურადღების გარეშე, ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოში, მთიდან ჩამოშლილმა მიწის მასამ ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაანგრია და მანქანა მოიყოლა. შემთხვევის დროს სახლში ერთი ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. მეწყერმა ასევე მოიყოლა ავტომობილი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, მასში ორი ახალგაზრდა იყო. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და მძიმე ტექნიკა როგორც აჭარიდან, ასევე სამეგრელოდან, იმერეთიდან და თბილისიდან.