ლარი 25 წლისაა

საქართველოს ეროვნულ ვალუტას, ლარს, 25 წელი შეუსრულდა. ზუსტად 25 წლის წინ, 1995 წლის 2 ოქტომბერს, ლარი გამოცხადდა ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

1995 წლიდან მიმოქცევაში შევიდა 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ღირებულების საბანკო ბილეთები. 1999 წელს სრულყოფის თვალსაზრისით მოდიფიცირებულ იქნა 1995 წლის ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტები, 2002 წელს 1999 წლის ემისიის მხოლოდ 1, 2, 5, 10 და 20 ლარის ღირებულების ბანკნოტები, ხოლო 2004 წელს 50 და 100 ლარის ღირებულების ბანკნოტები. უფრო მოგვიანებით კი მიმოქცევაში ჩაეშვა 200-ლარანი ბანკნოტები, 1-2-ლარიანი ბანკნოტები კი რკინის მონეტებმა შეცვალა.

სიტყვა „ლარი“, რომელიც შეირჩა ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად, ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას. სახელწოდება „ლარი“ ქართული ფულის ერთეულის დასახელებად 1991 წელს წამოაყენა აკადემიკოსმა ვასილ ჩანტლაძემ მინისტრთა კაბინეტისათვის შედგენილ პროექტში.

ლარმა შეცვალა ქართული კუპონი, რომელიც 1993 წლის 3 აგვისტოდან იყო მოქმედებაში.

თაია არდოტელი