ქუთაისში, პირველი ქართული ელექტრომობილი, მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა გამოსულიყო, თუმცა Covid-19-ის პანდემიდან გამომდინარე თარიღმა, გაურკვეველი დროით გადაიწია. ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ „აიგრუპის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა.
კახა გულედანი ,,ბიზნესპრენიუსთან” საუბრისას, იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც, აგვისტოში დაანონსებული პირველი ქართული ელექტრომობილის გამოშვება გადაიდო.
,,Covid19 -ის გამო მსოფლიოში განვითარებულმა პროცესებმა, რომელიც ჩინეთში ყველაზე ადრე, დეკემბრიდან დაიწყო, ცხადია შეაფერხა ჩვენი გეგმები. უმნიშვნელოვანესი პრობლემა იყო ლოგისტიკური შეფერხებები კერძოდ კი, ვერ მოხერხდა 2019 წლის შემოდგომაზე შეძენილი საწარმოო ხაზისა და ტექნოლოგიური სიმძლავრეების ჩინეთიდან დროული მოწოდება. ჩვენმა პარტნიორმა, ავტოინდუსტრიის ჩინურმა გიგანტმა, ჩანგანმა მხოლოდ თებერვლის მეორე ნახევარში დაიწყო საწარმოო პროცესების განახლება, ისიც მხოლოდ ავტომატიზირებულ ნაწილებში. სრულად, სამუშაო პროცესს ქარხანა როდის დაუბრუნდება, ჯერ არ ვიცით. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად დაკომპლექტებული ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოში ივლისის დასაწყისში ჩამოვიდა.
მეორე, ასევე უმნიშვნელოვანესი პრობლემა, კადრების მივლინებასთან არის დაკავშირებული. ჩვენ ველოდებოდით ინჟინრების გუნდს ჩინეთიდან, ვისაც უნდა ემართა საწარმოს მშენებლობის და საწარმოო ხაზების მონტაჟის მიმართულება. ასევე, უნდა გაგვეგზავნა ქართველ სპეციალისტთა გუნდი გადამზადებაზე ჩინეთში. მიმდინარე მოვლენების გამო ეს მიმართულებაც 2019 წლის ბოლოდან დღემდე შეჩერებულია.
ველოდებით ეპიდსიტუაციის გამოსწორებას. იმედს ვიტოვებთ, არსებული ვითარება უახლოეს პერიოდში დასტაბილურდება, რაც მოგვცემს საშუალებას განვაგრძოთ დაწყებული პროცესი. თუმცა, ამ გადასახედიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაპირებული თარიღები კიდევ გადაიხედება. ჩვენ დღეს შეგვიძლია განვაცხადოთ ის, რომ არ დავიშურებთ რესურსებსა და ენერგიას, რათა საქართველოში დაიწყოს დაპირებული წარმოება და მალე ვიხილოთ ქართული წარმოების ელექტრომობილი“- განაცხადა მან.
ცნობისთვის, გეგმის მიხედვით, პირველი ქართული ელექტრომობილი, 2020 წლის აგვისტოში უნდა გამოსულიყო. ქარხანა კი ყოველწლიურად 40 ათას ელექტრომობილს გამოუშვებდა. აქედან ერთი მესამედი შიდა ბაზარზე დარჩებოდა, დანარჩენი კი ექსპორტზე, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში უნდა გასულიყო.