ქართული ღორის ჯიშების პოპულაცია 2%-მდეა შემცირებული - რას გეგმავს კომპანია, რომელმაც რაჭაში ღორების ფერმა გააშენა

გადაშენების პირას მყოფი, ქართული ღორის ჯიშების მოშენების მიზნით, ონში 5 000 ჰექტარ ტერიტორიაზე ფერმა აშენდა. 3 მლნ ლარის ინვესტიციის საბოლოო მიზანი, ჯიშების გამრავლებასთან ერთად, ქართული ხორცპროდუქტების წარმოება და საექსპორტო ბაზრების ათვისებაა.

პროექტი, სახელმწიფოსთან ერთად და კერძო სექტორის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელსაც კომპანია ,,ნეითინ ჯორჯია“ წარმოადგენს.

კომპანიის დამფუძნებელი ვასილ ბაბლუანი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანიის მიზანსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

,,სათაო კომპანია არის „ნეითინ ჯორჯია“, რომელიც ქართულ-ესპანური კომპანიაა, 51% ესპანური ინვესტიციით. კომპანის პირველადი მიზანია, საქართველოში გადაშენების პირას მყოფი ქართული უნიკალური აბორიგენული ჯიშის ღორების გადარჩენა, რეკროპრეაცია, სელექცია და გამრავლება.

პირველ ეტაპზე, როცა ჩვენ ეს სურვილი გაგვიჩნდა და დავიწყეთ მოძიება, სასელექციოდ ვარგისი სულ ათი ღორის მოძიება შევძელით. სამეცნიერო კვლევით ცენტრთან და საპარტნიორო ფონდთან ერთად დავიწყეთ მუშაობა. როგორც წესი, ასეთ საქმეებს სახელმწიფო უნდა აკეთებდეს, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ როგორც კერძო სექტორი, აქტიურად ვართ ჩართული.

მოშენება დავიწყეთ, რაჭაში 5 ჰექტარზე უნიკალური სასელექციო ფერმის აშენების შემდეგ. რომელიც არის ამ აბორიგენულ ჯიშზე (ლაგაზა და გრუზა) მორგებული. ფერმა არის დახურული, ნახევრად დახურული და მთლიანად ღია ტიპის კომპლექსებისაგან შემდგარი. საბოლოოდ ამით ღორები მზადდებიან იმისათვის, რომ წავიდნენ ტყეში და იკვებებოდნენ ტყის ნობათით. ამ მიზნის მიღწევის შემდეგ, შესაძლებელი იქნება, მათი გადასვლა პარტნიორ ფერმერებზე. ამ ეტაპზე ვართ მხოლოდ სასელექციო ტიპის ფერმა და სწორედ ეს არის მეორე და მესამე ეტაპი, რომ მათი რეალიზაცია მოხდეს ფერმერებზე ან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ დაინტერესებულ პირებზე”, -თქვა ვალის ბაბლუანმა.

მისივე თქმით, თავდაპირველი ინვესტიცია დაახლოებით 3 მლნ ლარია, სრული საინვესტიციო პაკეტი კი ფინალური წარმოებით, 10-12 მლნ ევროს მოიცავს. დასაქმებულთა ოდენობა კი ამ ეტაპზე 50 ადამიანია.

,,სამწუხაროდ, ეს სექტორი არ არსებობს საქართველოში და ჩვენ ახლა ვქმნით, ამიტომ ყველაფერი ბაზრის მოთხოვნაზეა. პროექტი ნახევრად სოციალურია და სახელმწიფოსთან ერთად, მიზანი მეღორეობის აღდგენაა. ღორის სხვადასხვა დაავადებების დაწყებამდე, ქვეყანაში ყოველწლიურად 200 000 ღორი იზრდებოდა ტყეებში და ეს ფერმერების დანახარჯს მინიმუმამდე ამცირებდა. ახლა კი ეს რიცხვი 1-2%-მდეა შემცირებული. ჩენი მთავარი მიზანი, ამ ეტაპზე ქართული ღორის ჯიშების პოპულაციის ზრდაა“, - ამბობს ბაბლუანი.

თამარ მუკბანიანი