ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოსთვის ნაჩუქარმა „ბლექ სი არენა ჯორჯიამ“ სახელმწიფო ბიუეტიდან სუბსიდიის სახით 2020 წელს 3 518 000 ლარი მიიღო. ამის შესახებ ფისკალური რისკების შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
კერძოდ, ინფორმაცია მოიცავს 2019-2020 წლებში სახელმწიფო საწარმოებზე გაცემულ სუბსიდიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა ამ მიზნით 2020 წელს ბიუჯეტიდან - 67 180 000 ლარი; ხოლო 2019 წელს - 82 868 000 ლარია გამოყოფილი.
„ბლექ სი არენას“ გარდა 2020 წელს სუბსიდია კიდევ 5 საწარმომ მიიღო. კერძოდ, ესენია: შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია; შპს ადამ ბერიძის სახ. ნიად. და სურს. დიაგნ ცენტრი ანასეული; შპს საქართველოს მელიორაცია; შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია და შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
რაც შეეხება „ბლექსის“, შეგახსენებთ, რომ შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ ოზურგეთის რაიონის, სოფელ ნატანებში (შეკვეთილი), 2016 წლის 15 ივლისს დაფუძნდა. ის ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზია საქართველოში და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება კულტურის, ხელოვნებისა და გართობის ინდუსტრიის სფეროში საქმიანობაა.
ცნობისთვის, დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და მასში ფონდმა დაახლოებით, 115 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, 2016 წლის 10 ივლისს არენა ფონდმა უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მარტში შპს „ბლექ სი არენა“ მთავრობის გადაწყვეტილებით, მართვის უფლებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა.