რა ქონებას ფლობს „ოცნების“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ნოდარ ტურძელაძე

„ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ნოდარ ტურძელაძე ერთ-ერთია, რომელიც არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულება.

ამის შესახებ ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაში იყო აღნიშნული.

ტურძელაძე „ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად ვაკის საარჩევნო ოლქში მიმდინარე წლის ივლისში დაასახელა. მანამდე ის ვაკის რაიონის გამგებელი იყო 2015 წლის ნოემბრიდან. იქამდე კი თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში მუშაობდა.

2020 წლის 30 სექტემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ტურძელაძის შემოსავალმა გამგებლის პოსტზე გასულ წელს 53 064 ლარი შეადგინა.

დეკლარაციის მიხედვით, უშუალოდ ტურძელაძე უძრავ-მოძრავ ქონებას არ ფლობს. ტაბახმელაში მდებარე 999 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი და მსუბუქი ავტომობილი მისი მეუღლის საკუთრებაშია.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში - ტურძელაძეს საბანკო ანგარიშებზე - 2 737 ოვერდრაფტი და 1 948 საკრედიტო ჰქონდა. ასევე მის სახელზეა - 41 000 დოლარის იპოთეკური სესხი.

რაც შეეხება ნოდარ ტურძელაძის მეუღლეს, მისმა შემოსავალმა სს „გეს საქრუსენერგოს“ ადმინისტრაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე - 24 128 ლარი შეადგინა. მასვე საბანკო ანგარიშებზე - 1 400 ლარი; 3 499 ლარის ოვერდრაფტი და 7 089 სესხი ჰქონდა.

თაია არდოტელი