25 000 კილოგრამი დაავადებული კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდება

25 000 კილოგრამი დაავადებული კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თურქეთის რესპუბლიკიდან 25 000 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება გამშვები პუნქტი ,,სარფის“ გავლით შემოვიდა.

" საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში, კარტოფილის საკარანტინო მავნე ორგანიზმის, კერძოდ - კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.