დღეიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რიგის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები განახლდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული ავიარეისების მიღებას ანახლებს. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 4 ოქტომბრიდან 6-თვიანი პაუზის შემდეგ, რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდება.

მათი ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air, პირველ ეტაპზე, ფრენებს მხოლოდ რიგა-ქუთაისის-რიგას საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს.

როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ აღნიშნავენ, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

„COVID 19-ის პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ ჩარტერული, საწვრთნელი და არაკომერციული დაშვებები ხორციელდებოდა.

დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი მზად არის, COVID 19 პანდემიის პირობებში დაწესებული ყველა წესის სრული დაცვით განაახლოს რეგულარული ავიარეისების მიღება. .,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის ეროვნული რეგულაციებით და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გაცემული გაიდლაინები და რეკომენდაციების შესრულება სრულად უზრუნველყო. რა წესები უნდა დაიცვან აეროპორტის თანამშრომლებმა კორონავირუსის დროს მგზავრთა მომსახურებისას - ქუთაისის აეროპორტის თანამშრომლებს ამის შესახებ სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აეროპორტში დამონტაჟდა ხელის სადეზინფექციო აპარატები, სპეციალური თერკომოსკანერები, რომლითაც მოხდება მგზავრებისთვის სიცხის გაზომვა. დისტანციის დაცვის მიზნით, მოფრენისა და გაფრენის ტერმინალები მოინიშნა სპეციალური სტიკერებით, განთავსდა COVID 19-ის პრევენციის შესახებ საინფორმაციო ბანერები, ასევე, სარეგისტრაციო დახლებსა და მომსახურეების არეებში მოეწყო ბარიერები, რათა არ მოხდეს პირდაპირი კონტაქტი მგზავრსა და აეროპორტის თანამშრომლებს შორის.

შეგახსენებთ, არსებული რეგულაციების თანახმად, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. ტერმინალში გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვანისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. მგზავრებს, რომლებსაც 37.5 ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ ტერმინალში არ დაიშვებიან“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.