25,8 მლრდ ლარის ბრუნვა ერთ წელიწადში - სათამაშო ბიზნესის 2019 წელი

2019 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 25,860 მლრდ ლარი შეადგინა.

ეს კი 2018 წლის მონაცემებთან შედარებით 87,3%-ით მეტია. გაზრდილია ასევე მისი წილი მთლიანად ბიზნეს-სექტორის ბრუნვაში. კერძოდ, თუ 2018 წელს სათამაშო ბიზნესის წილი მთლიან ბრუნვაში თითქმის 16%-ს შეადგენს, გასულ წელს მან 23,7%-ს მიაღწია.

როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. მართალია, 2020 წლის 8 თვეში კორონავირუსის პანდემიის გამო ამ სექტორის მიერ ბიუჯეტში შეტანილი მოსაკრებლის მოცულობა 81.2%-ით, 65.909 მლნ ლარიდან 12.377 მლნ ლარამდე შემცირდა, (რაც ბრუნვის კლებაზე მიუთითებს) თუმცა ეს ნაკლებად აისახა ონლაინ კაზინოებზე. როგორც ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, 2029 წლის იანვარ-აგვისტოში სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან ბიუჯეტში 6.192 მლნ ლარი შევიდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 6.305 მლნ ლარი.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს - საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2019 წელს აზარტულ ბიზნესში სულ 10 816 ადამიანი მუშაობდა, საშუალო ხელფასი 2 065 ლარს შეადგენდა. ამასთან, შარშან ამ სექტორში 26,3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველოში მთლიანად ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ 109 მლრდ ლარი შეადგინა, ამაში სათამაშო ბიზნესის წილი კი თითქმის 23,7% შეადგენს. ქვეყანაში, სადაც აზარტული თამაშებით არაერთმა ადამიანმა დაკარგა ქონება, სათამაშო ბიზნესი უფრო დიდია, ვიდრე მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ენერგორესურსების ბაზარი და ა.შ. სათამაშო ბიზნესზე მეტი ბრუნვა წილობრივად მხოლოდ ვაჭრობის დარგზე მოდის (39.4%).

ცნობისათვის, 2018 წლიდან აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული საწარმოების საქმიანობის შეფასება დაიწყო ახალი მეთოდოლოგიით. 2018 წლამდე აღნიშნული სექტორის საწარმოების ბრუნვის მოცულობაში აისახებოდა მხოლოდ მოთამაშეთა მიერ ჩარიცხული თანხის მოცულობა, ხოლო ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, რომლითაც საქსტატი უკვე 2018 წლიდან ხელმძღვანელობს, აღნიშნულ თანხასთან ერთად ბრუნვის მოცულობაში აისახება მოთამაშეთა მიერ ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამი.