ზვიად გაბისონია BTU-ს კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გახდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად გაბისონია გახდა.

ამ დრომდე ის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი იყო. BTU-ს კვლევითი ცენტრის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მისი ახალი ხელმძღვანელი საუბრობს.

“გულწრფელად ვიტყვი, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობა ჩემთვის მართლაც საინტერესო და ახალი გამოწვევაა. საშუალება მეძლევა ქართული მეცნიერების მხარდაჭერა მოვახდინო არა ტრადიციული სამეცნიერო დარგების სტიმულირებით, არამედ, სრულიად ახალი, ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. როგორც ცენტრის დირექტორს, BTU-ს სამეცნიერო კვლევითი მიმართულების განვითარების ვალდებულება მაკისრია და მაქსიმალურად ვეცდები უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობა უფრო მასშტაბური, დინამიური და თანამედროვე გახდეს. გარდა ამისა, ტექნოლოგიები დღეს მეცნიერების მომავალია და ეს არ შეეხება მხოლოდ თავად ტექნოლოგიების მეცნიერულ მიმართულებას. ის არის საფუძველი ტრადიციული მეცნიერებების განვითარებისა. უფრო მეტსაც გეტყვით, ბოლო 3 წელია ინტენსიურად ვმუშაობ ტექნოლოგიურ სამართალსა და ინტერნეტ სამართლის საკითხებზე და უნდა გითხრათ, რომ იურიდიული მეცნიერების სამომავლო განვითარების ძირითადი ხაზი სწორედ ამ დარგებზე გავა. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული,” - აცხადებს ზვიად გაბისონია.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სწრაფად მზარდი და ამბიციური უნივერსიტეტია, რომელიც სტუდენტებსა და ფართო საზოგადოებას საჭირო და მნიშვნელოვან სიახლეებს ხშირად სთავაზობს. გაბისონია აღნიშნავს, რომ ეცდება, ეფექტურობა და საქმიანობის დინამიკა რაც უნივერსიტეტის მენეჯმენტში არსებობს, მეცნიერებაშიც გადაიტანოს.

„უნივერსიტეტში ენერგეტიკა იგრძნობა ყველგან, რაც ძალიან მიყვარს და ვეცდები, რომ ეს ტემპი მეცნიერებაშიც გადმოვიტანო. BTU-ს საშუალოვადიანი სტრატეგია გულისხმობს სამეცნიერო კვლევებში ძალიან მაღალი ხარისხის მიღწევას. ვგეგმავთ ისეთი კვლევითი პროექტების დაწყებას, რომელიც უპრეცენდენტოა არა მხოლოდ პოსტსაბჭოურ სივრცეში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც. ამის ინტელექტუალური რესურსი ნამდვილად არსებობს და ჩვენი ამოცანაა, მიზნობრივად გამოვიყენოთ ისინი. ამიტომ ვეცდებით უნივერსიტეტმა გამოკვეთოს რამდენიმე პრიორიტეტული კვლევითი მიმართულება და ღირსებული პარტნიორობა გავუწიოთ ჩვენს ძალიან მაღალი რანგის სამეცნიერო პოტენციალის მქონე უცხოელ პარტნიორებს,” - განმარტავს გაბისონია.

BTU-ს კვლევით ცენტრში რამდენიმე პროექტი უკვე განხორციელებულია. მათ შორისაა ციფრული ეკონომიკის მიმართულებით კვლევები. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო კვლევები მიმდინარეობს უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტის, აგრარული და განათლების სექტორის, და სხვა მიმართულებების. ასევე ძალიან საჭირო და აქტუალურია განახლებად ენერგიებთან დაკავშირებული კვლევა, რომელსაც BTU-ს პროფესორები ახორციელებენ. განახლებადი ენერგიები და მათთან დაკავშირებული კვლევები დღეს ძალიან ტრენდულია ევროკავშირის ქვეყნებში და საქართველოშიც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ცოტა ხნის წინ გააჟღერა „ინიციატივა 5.0“, რაც უნივერსიტეტის სამომავლო საქმიანობის გაწერილი გეგმაა და ის არაერთ კვლევასაც მოიცავს.

„ვფიქრობ, “ინიციატივა 5.0” ნოვაციაა როგორც თავად შინაარსით, ასევე კვლევითი მეთოდოლოგიით. ჩვენი მიზანია ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის სტიმულირება, ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორებში ტექნოლოგიების ინტეგრირება და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მხარდაჭერა. უნივერსიტეტის დაფუძნების წელს, დავოსში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე, პირველად გაჟღერდა მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ახალი ეპოქა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის, ნივთების ინტერნეტის, ბიოტექნოლოგიების, ვირტუალური რეალობის და სხვა ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით სწრაფად შეცვლიდა მსოფლიოს. ჩვენი ხედვა სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული: მოვახდინოთ ტექნოლოგიების მაქსიმალური ინტეგრირება განათლებისა და ეკონომიკის სექტორებში და ამ გზით, ხელი შევუწყოთ სხვადასხვა სფეროს მდგრად განვითარებას საქართველოში,” - აცხადებს ზვიად გაბისონია.

ინიციატივა 5.0 განსაზღვრავს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მიმდინარე ყველა პროექტის, კვლევების, ინსტიტუციური განვითარების პროგრამების შინაარსს და მიზანს, რომ ეს აქტივობები მიმართული იქნება ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებისკენ, რეგიონში საქართველოს ციფრული დომინირების მოპოვებისკენ და ტექნოლოგიების მოწინავე სექტორებში ინტეგრირების სტიმულირებისკენ.

აღნიშნული მიზნით, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, უნივერსიტეტი იწყებს მასშტაბური პროექტების და კვლევების განხორციელებას შემდეგ სექტორებში: ფინანსური ტექნოლოგიები (Fintech), აგრარული ტექნოლოგიები (Agritech), ჯანდაცვის ტექნოლოგიები (Healthtech), განათლების ტექნოლოგიები (Edutech), მწვანე ტექნოლოგიები (Greentech) ქალის ტექნოლოგიები (Femtech); იურიდიული ტექნოლოგიები (Legaltech), კულტურის ტექნოლოგიები (Culturetech) დიფტექი (Deeptech), მედია ტექნოლოგიები (Mediatech) და სხვა.