„მე ერთადერთი იმედი მაქვს, რომ მაინც შეიკვრება კოალიციური მთავრობა და ამ კოალიციურ მთავრობაში ერთმანეთს დააბალანსებენ“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსისა“ გადაცემაში „საქმე“ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.
კითხვაზე, კოალიციური მთავრობის პირობებში, დათანხმდებოდა თუ არა ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელობას, გიორგი ქობულიამ უპასუხა- “თუ იქნებოდა ამის რეალური პირობები და მე დავინახავდი, რომ შემიძლია მქონდეს განსაზღვრული შედეგი, რა თქმა უნდა, მე არ დავიშურებდი არაფერს, რომ ჩემ ქვეყანას დავეხმარო და ეს არის აბსოლუტურად გულწრფელი სიტყვები“.
გიორგი ქობულია: „ეს მთავრობა რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს. მე არ ველოდები, რომ რაიმე რადიკალური ცვლილება იქნება. გვერდიდან როგორც ვაკვირდები, მაინც და მაინც ვერ ვხედავ იმ რეალიზმს და სიძლიერეს ოპოზიციის მხრიდან, რომელიც მინდა, რომ დავინახო. მე ერთადერთი იმედი მაქვს, რომ მაინც შეიკვრება კოალიციური მთავრობა და ამ კოალიციურ მთავრობაში ერთმანეთს დააბალანსებენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველას შეიძლება უნდოდეს და აწყობდეს კიდეც ასეთი სისტემის გაგრძელება, მე ვფიქრობ, ერთმანეთის დაბალანსებაში ჩვენ შესაძლოა, რაღაც შედეგი მივიღოთ. მაგალითად, როდესაც სამნი ვართ და სხვადასხვა პარტიიდან ვუყურებთ მთავრობაში ერთმანეთს, თუ თქვენ ვიღაც მეგობარს გარიგებას შესთავზებთ, მე ვიტყვი - რატომ აკეთებთ ამას?! ამიტომ, ამ კოალიციური მათავრობის შედეგიანობაში ამას დავინახავდი“,-განაცხადა გიორგი ქობულაიმ.
კითხვაზე - კოალიციური მთავრობისგან თუ იქნება შემოთავაზება, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეთ და სათავეში ეკონომიკურ გუნდს ჩაუდგეთ, დათანხდებოდით თუ არა, გიორგი ქობულიამ უპასუხა, რომ ამაზე აუცილებლად დაფიქრდებოდა.
„თუ იქნებოდა კარგი პირობები იმისთვის, რომ მე მქონდეს შედეგი, რა თქმა უნდა, ამაზე დავფიქრდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ცუდი გამოცდილება ვიწვნიე მაგაში, ახლა უკვე გამოცდილება მაქვს და მე ვფქრობ, უფრო აზრიანად შეიძლება მივუდგე ამ საკითხს. თუ იქნებოდა ამის რეალური პირობები და მე დავინახავდი, რომ შემიძლია მქონდეს განსაზღვრული შედეგი, რა თქმა უნდა, მე არ დავიშურებდი არაფერს, რომ ჩემ ქვეყანას დავეხმარო და ეს არის აბსოლუტურად გულწრფელი სიტყვები“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.