სინგაპური ახალშობილებსა და მათ მშობლებს ფულს გადაუხდის

სინგაპურის მთავრობის ახალი დადგენილების მიხედვით, მშობლებსა და ახალშობილებს ერთჯერადი ფულადი დახმარება დაენიშნებათ. მიზეზად კორონავირუსის პანდემიის შემდგომი ფინანსური კრიზისი სახელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

ვიცე პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა სამუშაო ადგილებისა და ხელფასების შემცირება გამოიწვია.

”ჩვენ მივიღეთ უკუკავშირი მოსახლეობისგან იმის შესახებ, რომ Covid-19- მა მშობლების გეგმების შეცვლა გამოიწვია. ჩვენ ერთჯერადად, დამატებით დახმარებას გავუწევთ ახალშობილებს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შობადობის შემცირება არ მოხდეს“- განაცხადა ვიცე პრემიერ-მინისტრმა ჰენგ სვიტ კიტმა ორშაბათს პარლამენტში.

გადაწყვეტილების მიხედვით, დამატებითი ფულადი დახმარება მიზნად ისახავს შობადობის გაზრდას სინგაპურში. შეღავათები აქამდეც არსებობდა, მაგალითად, მშობლები ერთ შვილზე 7,330 აშშ დოლარის შეღავათით სარგებლობდნენ.

ვიცე-პრემიერის თქმით, კუნძულოვანი ქვეყანა პანდემიის გამო ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას, რაც კიდევ უფრო აზიანებს ქვეყნის ნაყოფიერების მაჩვენებელს. სინგაპურში შობადობის მაჩვენებელი უკვე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში.

თეონა რამაზაშვილი