საქართველოს ბიზნეს ასოციაცია უერთდება საქართველოს მთავრობის მოწოდებას და ბიზნეს სექტორს მიმართავს განსაკუთრებული ყურადღებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდოს კომპანიებში ვირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს.
ბიზნესასოციაციის ცნობით, ზედმიწევნით უნდა იქნას დაცული საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, განსაკუთრებით თერმოსკრინინგის, პირბადის ტარებისა და დეზინფექციის ნაწილში.
„უმნიშვნელოვანესია, რომ ბიზნეს ოპერატორის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, კომპანიაში ინფიცირების თითოეული შემთხვევის გამოვლენისას, არ დაველოდოთ ინფიცირებულის უახლოესი სამსახურებრივი კონტაქტების ტესტირების შედეგებს და მყისიერად მოვახდინოთ მათი იზოლირება სამუშაო პროცესისაგან, რათა საჭირო არ გახდეს ორგანიზაციაში უფრო მასშტაბური შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელება, რაც დააზარალებს ჩვენს ბიზნესებს“,- განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პანდემიის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების დაცვასა და შესრულებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს.