“კორუფციის კონტროლის ინდექსით მსოფლიო ბანკი აფასებს მმართველი ძალების მიერ საკუთარი უფლებამოსილების გამოყენების პრაქტიკას პირადი ინტერესებისთვის, ხოლო შეფასება მოიცავს როგორც კორუფციას ქვედა დონეზე, ისე ელიტურ კორუფციასაც. ამ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ბოლო შეფასებით, რომელიც ეყრდნობა ათეულობით მასშტაბურ კვლევას და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას, შეფასებებსა და რეიტინგებს, აღნიშნული ინდიკატორით საქართველო საკმაოდ მყარად იკავებს ადგილს ევროპის ქვეყნების პირველ ოცეულში.
კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველომ შეფასების რანგირების 100%-იანი შკალიდან 74.04% დაიმსახურა და იგი ფაქტობრივი ლიდერია რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში მას მხოლოდ ესტონეთი და ლიეტუვა უსწრებენ. თავისი სარეიტინგო ქულით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 ქვეყანას,“ - ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ მსოფლიო ბანკის კვლევა მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებზე.
იოსებ არჩვაძის განცხადებით, რაც უფრო განვითარებულია ეკონომიკურად ქვეყანა, როგორც წესი, მით უფრო ნაკლებია იქ კორუფციის დონე.
„მიუხედავად ამ ზოგადი კანონზომიერებისა, ევროკავშირის 13 სახელმწიფოში, რომელთაც უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვთ, კორუფციის კონტროლის მიხედვით საქართველოს საგრძნობლად ჩამორჩებიან. აღნიშნული გარემოება ცალსახად მიუთითებს როგორც საქართველოს ხელისუფლების მმართველობის მაღალ ეფექტიანობაზე, სისტემური კორუფციის დაძლევასა და მის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლის თვალსაჩინო შედეგებზე, ისე ქვეყნის მოსახლეობის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და საგადასახადო კულტურის მუდმივად მზარდ დონეზე,“ - განაცხადა ექსპერტმა.