მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი არის "ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებული მორიგი ბიუროკრატიული თავგასულობა, - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი, ირაკლი აბესაძე, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს.
აბესაძის თქმით, ბიუჯეტში კიდევ უფრო გაზრდილია ბიუროკრატიული ხარჯი და მასში არ არის გათვალისწინებული საზოგადოებრივი ინტერესები.
როგორც მან აღნიშნა, სწორედ "ევროპული საქართველოს" გეგმა, რომელიც ბიუროკრატიული ხარჯის 2 მილიარდი ლარით შემცირებას გულისხმობს, ამოიყვანს ქვეყანას მძიმე კრიზისიდან და მას გარდამტეხ ცვლილებებს მოუტანს.
„2021 წლის ბიუჯეტის პროექტი არის „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული მორიგი ბიუროკრატიული თავგასულობის და საბიუჯეტო სახსრების ფლანგვის ბიუჯეტი. ვხედავთ, რომ ზოგადად საბიუჯეტო სახსრები გაზრდილია, გაზრდილია სახელფასო ფონდი, იზრდება კვლავ სახელმწიფო ვალი, ვერ ვხედავთ გადასახადების შემცირებისკენ გადადგმულ ნაბიჯს, რაც უნდა გახდეს ბიზნესისათვის სწრაფად რეაბილიტაციის და ამ კრიზისიდან გამოსვლის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობა. ასე რომ, ეს არის "ქართული ოცნების" მორიგი უპასუხისმგებლო, არაპროფესიონალურად შედგენილი ბიუჯეტი, რომელიც არ ასახავს მოსახლეობის პრობლემებს. რა თქმა უნდა, ეს ბიუჯეტი ასე ვერ დამტკიცდება, ჩვენ ველოდებით არჩევნებზე საზოგადოების მხარდაჭერას, სწორედ ამ გარდამტეხი ცვლილებებისათვის, რომ ბიუჯეტი იყოს მორგებული საზოგადოებრივ ინტერესებს.
ჩვენი დათვლით, 2 მილიარდი ლარი შეიძლება გამოთავისუფლდეს სწორედ ხელფასების ხარჯზე, მანქანების შესყიდვის თუ ოფისების მოწყობის ხარჯზე. ეს 2 მილიარდი შეიძლება მოხმარდეს გადასახადების შემცირებას, რაც ამ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისის დროს ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, სოციალური გასაცემლების გაორმაგებას და ა.შ. ეს იქნება ბიუჯეტი, რომელიც ამ მძიმე კრიზისის პერიოდში, მოსახლეობას აგრძნობინებს უკეთესობას და სწრაფად შეძლებს ქვეყნის ეკონომიკური ჩიხიდან გამოსვლის პროცესის დაწყებას“, - აცხადებს აბესაძე.
აღნიშნულ ინფორმაციას ,,ევროპული საქართველოს’’ პრესსამსახური ავრცელებს.